ახალი ამბები

კომპანია ,,უდაბნო” საგარეჯოში ,,სოფელ პანდორას” პროექტის განხორციელებას გეგმავს

კომპანია ,,უდაბნო” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ,,სოფელ პანდორას” პროექტის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის, გოდერძი მეტრეველის თქმით, ეს იქნება ტურისტული ჰაბი, სადაც მეურნეობასთან ერთად ასევე განთავსდება სასტუმრო და რესტორანი.

მისი თქმით, უდაბნოში მიწები წლების წინ ცარიელი ადგილი იყო და მასზე არანაირი მრავალწლიანი ნარგავი არ ხარობდა. როგორც “საქმიან დილაში” კომპანია “უდაბნოს” დირექტორმა განაცხადა, სოფლის ტერიტორიაზე ნუშის ბაღების გაშენება 2016 წელს დაიწყეს და დღეს უკვე მრავალწლიანი ნარგავები 2 300 ჰექტარზეა გაშენებული.

,,გარდა ნუშის ბაღებისა, ასევე გვაქვს კამეჩების, თხების და ქათმების ფერმა. წარმოებული პროდუქტის გარკვეული ნაწილი საქართველოს ბაზრისთვისაა, ხოლო დანარჩენი ექსპორტისთვის. საქართველო ნუშის ბიზნესით ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე გახდება, როდესაც ჩვენი ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა. კერძოდ, 2023 წლიდან 2 300 ჰექტარი სრულად მსხმოიარე იქნება. შესაძლოა საქართველო ნუშის წარმოებით მსოფლიო რუკაზე იყოს და ამის რესურსი გვაქვს. უდაბნოში სეზონურად 8-9 თვის განმავლობაში 500 ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნუშის ბაღებთან და მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად ტერიტორიაზე არსებულ ტბებში თევზის მოშენება იგეგმება. ასევე გეგმაშია პროექტი “სოფელი პანდორა”, სადაც ტურისტული ჰაბი იქნება, ასევე განთავსდება სასტუმრო და რესტორანი, რომელიც ასევე მოიზიდავს ტურისტებს. საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვა და ბევრად განსხვავებული კონცეფცია იქნება. ამ პროექტის დასრულება გაოცებას გამოიწვევს”,
– განმარტა მეტრეველმა.