რას ფიქრობენ თელავში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ერთი ნაწილის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხს სხვა პოლიტიკოსებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, ის თანამდებობას ტოვებს და მისი გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უარყოფითად აფასებენ თელავში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.
,,ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია. პრემიერის გადადგომა არაფერს ცვლის, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და დაუყოვნებლად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს ვფიქრობ სასამართლოსაც დაუბრუნებს რეპუტაციას.
ქვეყანა, სადაც სასამართლო სისტემა ჩამოშლილია, ვეღარ განაგრძობს არსებობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს. ახლა ქვეყანაშია ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, პანდემია. ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია”,- განუცხადა Knews.ge-ს სამოქალაქო აქტივისტმა ნინო გოგოლაშვილმა.
,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკა შარვაშიძე განმარტავს, რომ ამ დღეები ქვეყანაში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეზე, პრემიერის გადადგომით ფაქტიურად მოიხსნა კითხვები.
,,ეს საქმე იყო და არის პოლიტიკური. ჩემი აზრით, მისი დაკავება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას და განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას. ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ და სასამართლომ ერთი და იგივე საქმეზე უკვე მეორედ მოუხსნა ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს იმუნიტეტი და მიიღო დაკავების გადაწყვეტილება, რაზეც პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკურ გუნდში არ ეთანხმებოდა ასეთ სცენარს და გადადგომის მიზეზიც სწორედ ესაა. ფაქტია, ჩვენ ვიხილეთ სრულიად პოლიტიკური საქმე და ანგარიშსწორება, ვითომ სამართლებრივი მექანიზმებით გამართლებული და შეფუთული.
მსგავსი ქმედებები, ნამდვილად არ ამცირებს ისედაც დაძაბულ ფონს და პოლარიზებულ გარემოს. ის დიდ რისკს ქმნის ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობისთვის. ძალის დემონსტრირება არ არის სიძლიერის მაჩვენებელი პოლიტიკაში. ეს არ ტოვებს მოლაპარაკებების და დიალოგის შესაძლებლობას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას ამ მრავალმხრივი კრიზისიდან გამოსასვლელად”,– განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ knews.ge-სთან საუბრისას.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სახიფათოს და საშიშს უწოდებენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, ქვეყანაში მუდმივი არეულობა, პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობა და აქციები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მათი განცხადებით, ერთმანეთის დევნის მაგივრად პოლიტიკოსებმა ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქრონ.
,,ძალიან ცუდია მუდმივი დაძაბულობა ქვეყანაში, აქციები და გამოსვლები. უნდა დასრულდეს ასე ქვეყნის მართვა და როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციურმა ძალებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე უნდა დახარონ დრო”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავში მცხოვრებლებმა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.
საელჩოში განმარტავენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება.
„არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მან საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით, რომელიც მელიამ არ გადაიხადა. მისი თქმით, ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.
16 თებერვალს პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ კი მას პატიმრობა მიუსაჯა.