თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ხის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრები 31 ხელოვანი გიორგი ბოჭორიძე ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების შესანახად სხვადასხვა მოცულობის კასრს, ნაგვის ურნებს და სხვა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.
გიორგი საცხოვრებლად თბილისიდან თელავში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, საყვარელ საქმეს მაინც აკეთებს.
,,ვმუშაობ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ხეზე მუშაობა კი ჩემი ჰობია და დამატებითი საქმიანობა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე, ქალაქ თბილისში ჩემს მეგობრებთან ერთად. შემდეგ თელავში მომიწია გადმოსვლა და აქ გავაგრძელე საქმიანობა.
ვაკეთებ სხვადსასხვა ნივთებს, განსხვავებული ზომის კასრებს წვენებისთვის და ალკოჰოლური სასმელებისთვის, ნაგვის ურნებს სკვერებისა და პარკებისთვის. ასევე სხვა დეკორატიულ ნივთებს ძველი ორნამენტებით და დაძველების ეფექტით. აღნიშნული იდეა მოგვივიდა იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ცივ სასმელებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მსგავსი პროდუქტი იმ დროისთვის ნაკლებად არსებობდა”,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოჭორიძემ.
გიორგი ხის კასრებს, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება ფიჭვის მასალისგან ამზადებს. მისი თქმით, კასრებს ის უჟანგავი ფოლადით და თბოიზოლაციით აკეთებს.
,,კასრებს ვამზადებ ფიჭვის მასალისაგან, რომლის შიგნითაც არის მოთავსებული უჟანგავი ფოლადის (ნერჟავეიკის) ავზი. ზემოაღნიშნული მასალის ავზები საკმაოდ გავრცელებული და ყველაზე მეტად მიღებულია სითხის შესანახად, ამის მიზეზი კი ისაა, რომ არ შედის რეაქციაში არც ერთი სახეობის სითხესთან, ეკოლოგიურად სუფთაა და მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს. თითოეული კასრი არის ხელნაკეთი.
ძირითადად ვამზადებ დაძველების ეფექტით, რომლის ყველა დეტალი კეთდება მაღალი ხარისხის ნედლეულითა და მაქსიმალური სიზუსტის დაცვით.
დიზაინში გამოყენებული მაქვს ძველი ქართული ორნამენტები. მაქსიმალური მოცულობის კასრები, რომელიც ჩემი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს, არის 130-ლიტრი მოცულობის, რომელსაც აქვს სითხის გაციების რეჟიმი, ასევე უზრუნველყოფილია თბოიზოლაციით. ზაფხულის ცხელ დღეებში სითხე ტემპერატურას ინარჩუნებს დაახლოებით 5-დან 7-საათამდე. ავზებს ვამზადებინებ ქალაქ თბილისში, შესაბამის ქარხანაში და საქმიანობისთვის საჭირო მასალაც იქიდან ჩამომაქვს’’,- განაცხადა გიორგი ბოჭორიძემ.
მისი თქმით, თითოეულ კასრზე 7-10-დღის განმავლობაში მუშაობს. ეს, როგორც თავად ამბობს, შრომატევადი საქმეა, თუმცა მისთვის ხარისხი მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, საქმიანობის წარმატებას განაპირობებს წარმოების მაღალი ხარისხი, წლების მანძილზე მოპოვებული სანდოობა, გამოცდილება და გარანტია.
,,ჩვენს დამზადებულ კასრებზე მოთხოვნა ძირითადად ტურისტულ ქალაქებშია. ბათუმიდან დაწყებული თბილისამდე ყველა ქალაქშია ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. დიდი და პატარა ზომის კასრებს ძირითადად გარე ბარები და კაფეები მოიხმარენ, რომლებიც ჩამოსასხმელ წვენებზე, ღვინოებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე მუშაობენ.”
ხელოვანი სამომავლოდ საქმიანობაში სხვა ახალგაზრდების ჩართვას, წარმობის გაფართოვებას და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას გეგმავს.
მაკა ხაზიური, თორნიკე ხალხელაური