ძველი გალავანი და გორიჯვრის ეკლესია თელავში- ფოტორეპორტაჟი
წიგნში, თელავი- წარსული და თანამედროვეობა ვკითხულობთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა საკმაოდ გრძელია და მას რამოდენიმე ქუჩა უერთდება. ერთ-ერთი მათგანია, რაფაელ ერისთავის ქუჩა, რომელსაც ფეხით მოსიარულენი ყადორის გორასა და გორიჯვარზე, ანუ ძველ გალავანში მიჰყავს. ამ ქუჩას მარცხნივ უერთდება ორაგუბის და ი. ჯავახიშვილის ქუჩები, ასევე დავით რექტორის ქუჩაც.
ისტორიკოსების თქმით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ზემოდან, ჩრდილოეთის მხრიდან დაჰყურებს დიდი კვირიკეს ქალაქი, თავისი ძველი გალავნით, ანუ იგივე ,,გორიჯვრად’’ წოდებული. ახლა მხოლოდ ამ ადგილას ათი საუკუნის წინად აშენებული გალავნის ცალკეული დეტალების ნანგრევებია, ,,გორიჯვრის’’ ადგილას კი, XVIII საუკუნეში აღმართული სომხური გრიგორიანული ეკლესიის ნიშიღაა შემონახული, რომელიც მართლმადიდებლური ტაძრის ადგილზე აუშენებიათ.
იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობის’’ მიხედვით სწორედ აქ იყო დასვენებული სვეტიცხოვლის წმინდა ძელისგან დარჩენილი მასალისგან დამზადებული ჯვარი, რაც ამ ადგილს საკმაოდ დიდ საკრალურ მნიშვნელობას სძენს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ იგივე მასალისგან დამზადებული სხვა ჯვარი ყოფილა დასვენებული თელავის ,,ჯვარპატიოსნის” ეკლესიაში.
როგორც აღინიშნა, ,,ძველი გალავნის’’, იგივე ,,ძველი თელავის’’ მთავარ მაგისტრალს ერთხანს ყოფილი „პირველი მაისის“ (ახლანდელი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის) ქუჩა წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიემართება, ჩრდილო-დასავლეთით დაუყვება დაბახნების დაღმართს და ზუზუმბოს გორიდან მონადენ ხევზე გადებულ ხიდთან უერთდება ილია ჭავჭავაძის ქუჩას (ყოფილ 1905 წლის ქუჩა), რომელიც თელავის ქუჩებს შორის ყველაზე გრძელია. იგი იწყება რუსთაველის გამზირის გადამკვეთ თამარის ქუჩიდან, უფრო სწორად ,,თიბისი’’ ბანკის შენობიდან გრძელდება და ბაზრის გავლით, მთელი მაწანწრის გაყოლებით და მთავრდება ვარდისუბნის ხევთან.
„ძველი გალავანი“, იგივე „ძველი თელავი“, რომლის გარეგნული სილამაზე დღესაც კი შემორჩენილია და XIX საუკუნის ქალაქის ქუჩის შთაბეჭდილებას სტოვებს, ძირითადად სომხური ბურჟუაზიის და გასომხებული ქართველებით იყო დასახლებული. მათ მთავარ საქმიანობას ვაჭრობა და ხელოსნობა წარმოადგენდა.
საცხოვრებელ ბინებთან ერთად, ამავე ქუჩაზე განლაგებული იყო მათი სავაჭრო დუქნები და სახელოსნოებიც. აქ ცხოვრობდნენ „დერციკები“ (თერძები – ტანსაცმლის მკერავები, უპირატესად ჩოხა – ახალუხის კერვის სპეციალისტები), ხარაზები (ფეხსაცმლის მკერავები და შემკეთებლები), მეწაღეები (მეჩექმეები), დურგლები (ხის მასალაზე მომუშავენი), კალატოზები (ქვით ხუროები, სახლის მშენებლები), მჭედლები (რკინის იარაღის მკეთებელნი), ოქრომჭედლები (ოქროსა და ვერცხლის ლითონისაგან ბეჭდებისა და სამკაულების დამამზადებელნი) და სხვა.