ახალი ამბები

გიორგი გახარია – ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრა.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს.

 

სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი”, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური მიიცნევს, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის მთავრობის მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

“მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი