ბოდბელი მეუფე იაკობი სიღნაღის მერიისგან ტერიტორიების გადაცემას ითხოვს
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეკლესიისთვის იმ ტერიტორიების გადაცემას ითხოვს, სადაც ახლა დასასვენებელი სკვერებია.
მეუფე იაკობის განცხადეჯით, მიწის ნაკვეთები ახლა სიღნაღის მერიის ბალანსზეა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, რათა გადაეცეს ის ტერიტორიები, სადაც საბჭოთა კავშირის მმართველობამდე ქართული ეკლესიები იყო და შემდეგ ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
„სიღნაღში ორი ტაძარი იყო, ერთი ცენტრში და მეორე მუზეუმის მხარეს, რომელიც კომუნისტების დროს დაანგრიეს. ალბათ, უნდა დააჩქარონ ტერიტორიის გადმოცემა და გაზაფხულიდან მშენებლობას დავიწყებთ. სახელმწიფოს არ შევაწუხებთ. მათ არ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, შეიძლება თუ არა გადმოცემა. რადგან გვეკუთვნის, კეთილი ინებონ და დააბრუნონ “ –განაცხადა ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ უწყებას მეუფისგან ოფიციალური მიმართვა ტერიტორიების გადაცემის მოთხოვნით არ მიუღია.
მერის, გიორგი გოგილაშვილის თქმით, მიმართვის შემთხვევაში საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჯერ არ იცის. მისი განცხადებით, ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხს ადგილობრივები მხარს უჭერენ. გოგილაშვილი აცხადებს, რომ თუკი ეკლესია აღდგება, ამაში ცუდი არაფერია.