ახალი ამბები

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სიახლეების დანერგვას გეგმავს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოქმედი ბიოდინამიური მეურნეობა, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი აცხადებს, პანდემიამ მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც ფინანსური პრობლემები შეუქმნათ.

ალადაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფინანსური პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო, საქმიანობის შეჩერება და 14 დასაქმებული პირის სახლში გაშვება მოუწევს.

მისივე თქმით, ერთ–ერთი მიმართულება, რომელმაც შესაძლოა პრობლემები მოუგვაროს, არის აახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტების დამზადება. დაინტერესებული პირებისთვის მეურნეობა სასაჩუქრე ნაკრების მიწოდებას თავად უზრუნველყოფს.

სასაჩუქრე ნაკრებში შევა ყველა ის პროდუქტი, რომელიც მეურნეობაში იწარმოება. მათ შორის, ჩურჩხელები, 5 სახეობის ღვინო, 3 სახეობის არაყი, ჩირი, თაფლი და ფქვილი.

გიორგი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლების გამო მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„მეურნეობის ძირითადი შემოსავალი მაინც ღვინის წარმოებისგან და რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალია. დღეს კი ეს საკმაოდ შემცირებულია, ღვინის რეალიზაციიდან მიღებული მოგება კი მხოლოდ ბანკის პროცენტს მიაქვს. მეურნეობას ამ დროისთვის სხვა შემოსავალი არ აქვს.

ონლაინ მიმართულების ამოქმედება თუ გაამართლებს, შევძლებ შევინარჩუნო ის 14 ადამიანი, ვინც დასაქმებული მყავს. თუ არადა, მათი დათხოვნა მომიწევს, რაც საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს გიორგი ალადაშვილი.