რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოქმედი ბიოდინამიური მეურნეობა, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად საახალწლოდ სასაჩუქრე მიმართულების ამოქმედებას გეგმავს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი აღნიშნულ საკითხზე განმარტავს, დაინტერესებული პირებისთვის მეურნეობა სასაჩუქრე ნაკრების მიწოდებას თავად უზრუნველყოფს.
მისი თქმით, სასაჩუქრე ნაკრებში შევა ყველა ის პროდუქტი, რომელიც მეურნეობაში იწარმოება. მათ შორის, ჩურჩელები, 5 სახეობის ღვინო, 3 სახეობის არაყი, ჩირი, თაფლი და ფქვილი.
გიორგი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლების გამო მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„მეურნეობის ძირითადი შემოსავალი მაინც ღვინის წარმოებისგან და რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალია. დღეს კი ეს საკმაოდ შემცირებულია, ღვინის რეალიზაციიდან მიღებული მოგება კი მხოლოდ ბანკის პროცენტს მიაქვს. მეურნეობას ამ დროისთვის სხვა შემოსავალი არ აქვს.
ონლაინ მიმართულების ამოქმედება თუ გაამართლებს, შევძლებ შევინარჩუნო ის 14 ადამიანი, ვინც დასაქმებული მყავს. თუ არადა, მათი დათხოვნა მომიწევს, რაც საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს გიორგი ალადაშვილი.