რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ გააკეთა.
პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევას უკვე სწავლობენ.
“ვსწავლობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას, პაციენტების გენეტიკური მასალა მოვიძიეთ. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომელიც ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე უნდა იყოს დამყარებული. გადარჩეულია, დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.
ვირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრი კარანტინი შემოიღო.
ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ შტამს B.1.1.7-ს უწოდებენ. იგი პირველად ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გამოჩნდა.
მან აქამდე არსებული კორონავირუსის შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლა. სწორედ ამის გამო მიაჩნიათ მკვლევარებს, რომ საქმე არა შემთხვევით მუტაციასთან, არამედ ვირუსის ადაპტაციურ მექანიზმთან აქვთ.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვირუსი ბევრად სწრაფად ვრცელდება ხალხში. მისი სავარაუდო მაჩვენებელი მათემატიკოსებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ 70%-ით უფრო გადამდებია ვიდრე ჩვეულებრივი კორონავირუსი.
ინგლისის საზოგადო ჯანდაცვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ნათელი ხდება, რომ მოდიფიცირებული კორონავირუსი უფრო მწვავე covid-19-ს არ იწვევს. მსგავს მოსაზრებას სამეცნიერო წრეები უკვე დიდი ხანია იზიარებენ, თუმცა, ამ შეხედულების მტკიცებულებით გამყარება ახლახან გახდა შესაძლებელი.
მარიამ ოქროცვარიძე