გაძვირებული სურსათი, საწვავი და ტრანსპორტი- როგორ ხვდებიან ახალ წელს კახეთში
საქართველოში პროდუქტებზე ფასები ყოველკვირეულად იზრდება. ზოგ პროდუქტზე ფასი ერთი ლარით, ზოგზე კი 50 თეთრით გაიზარდა.
კახეთში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ პურის ფასი საგრძნობლად არის მომატებული. ზოგან ქარხნული წარმოების პური 30 თეთრით გაძვირდა, თონეში გამომცხვარი პურის ფასი კი 80-დან 1 ლარამდე მერყეობს.
ადგილობრივების თქმით, ფასი გაზრდილია ასევე პირველადი მოხმარების საგნებზეც. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი არსებულ ფონზე საახალწლო სუფრის გამზადებას ძველებურად ვეღარ შეძლებენ.
,,ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ფასები ყოველდღიურად იზრდება. გაძვირდა პური, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ხორცი და სხვა პროდუქტები. ტკბილეულზე და რძის პროდუქტებზეც მოიმატა ფასებმა. ადრე პურს 60 თეთრად ვყიდულობდი, ახლა კი ზოგ თონეში 80, ზოგან კი 1 ლარი ღირს. არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, ალბათ დოლარის კურსის ცვალებადობამ ან პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა საკითხებმა”,- აცხადებს თელავში მცხოვრები მარიამ მიგრიაული Knews.ge-სთან საუბრისას.
ადგილობრივების თქმით, სუპერმარკეტებში 2-3 ლარამდე მოიმატა ზეთის ფასმა. 1 ლარით გაძვირებულია ასევე რძის პროდუქტები და ტკბილეული.
,,ნახევარლიტრიანი ბოთლით ზეთს 2 ლარად და 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა ეს ფასი გაორმაგებულია. გაზრდილია ზოგადად სხვადასხვა დასახელების ზეთის ფასი, 6 ლარზე ნაკლები არ ღირს არცერთი. საგრძნობლად გაძვირებულია შაქარი და სხვა პროდუქტები. ფასები მომატებულია ტკბილეულზეც. ახალი წლისთვის კი არა ყოველდღიური მოხმარებისთვის ვერ ვყიდულობთ პროუქტებს. ბევრი ადგილობრივია ასე, ახალი წლისთვის რომ ვერ ახერხებს ვერაფრის ყიდვას და გამზადებას”,- აცხადებენ ადგილობრივები.
კახეთში მცხოვრები მოსახლეობა ასევე ტაქსების და საწვავის გაზრდაზეც საუბრობს. მათივე თქმით, ეს მათ ყოველთვიურ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.
,,ტაქსით გადაადგილების საფასური გაიზარდა და ვერსად გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. პანდემიის გამო კი საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს და იძულებულები ვართ ან ფეხით ვიაროთ, ან გაორმაგებული თანხა გადავიხადოთ ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში. მაგალითად, იმისთვის, რომ თელავიდან გურჯაანში წავიდე, მე ტაქსში 30 ლარი უნდა გადავიხადო, რისი საშუალებაც არ მაქვს”,- განაცხადა ადგილობრივმა ლევან შიშმანაშვილმა.
თელავში მოქმედი სუპერმარკეტების თანამშრომლების განცხადებით, პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასების ზრდა კიდევ იგეგმება.
,,საქსტატის” ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი).
,, ფასები გაიზარდა ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით.”