კახეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სტიქიისგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტები მთავრობას შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ.
„ყველა დაზარალებულ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტები ახლა მუშაობენ იმაზე, რომ აღრიცხონ, თუ რა ოდენობის ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ, რის შემდეგაც მთავრობის წინაშე წარსდგებიან უკვე ზარალის შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით.
ამავდროულად, სადაც საჭიროა, რომ დამატებით მძიმე ტექნიკა იქნას გამოყენებული, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან აფორმებენ სწრაფ ხელშეკრულებებს, რაზეც სპეციალური თანხები არის გამოყოფილი, რომ ის გადაუდებელი სამუშაოები შეასრულონ, რაც ამ ეტაპზე არის აუცილებელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უხვმა ნალექმა კახეთში, ყვარლის თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია გზები, სასმელი წყლის სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები, მთიან ადგილებში ჩამოწოლილია მეწყერი და დატბორილია მოსავალი.