დედოფლისწყაროში კირქვის კარიერში ძვ.წ IV-III საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს
დედოფლისწყაროს კირქვის კარიერში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. საწარმოო სამუშაოს მიმდინარეობისას, ქვიშის მოპოვების დროს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ დედოფლისწყაროს საწარმოს თანამშრომლებმა უძველეს სამარხებს მიაკვლიეს.
ადგილის შესწავლამდე კომპანიამ სამუშაო პროცესი შეაჩერა.
როგორც არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ამბობს, სამარხები სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნის ფარნავაზის ეპოქის დროინდელია.
„ველოდებით ნებართვას და როგორც კი პროცედურული სამუშაოები დასრულდება, თბილისიდან ჯგუფი ჩამოვა და შევუდგებით მუშაობას. უკვე შევხვდით დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორს, ილია მარტყოფლიშვილს, რომელსაც წერილობითი თანხმობა ვთხოვეთ, სამომავლოდ აღმოჩენილი ნივთების დაცვის საქმეში. შევთანხმდით, რომ ჩვენს მიერ აღმოჩენილი ნივთები დედოფლისწყაროში დარჩება და მუზეუმში იქნება დაცული,“ – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
არქეოლოგთა ჯგუფი ადგილის შესწავლას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს.
ფოტო: ილია მარტყოფლიშვილი