კახეთში საერთაშორისო რეგიონული ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება
კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის ჩატარება იგეგმება. კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრთა კაბინეტისა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდება.
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მოლაპარაკებები სხვადასხვა უწყებებთან საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის კახეთის რეგიონში გამართვასთან დაკავშირებით. ეს ფორუმი ჩატარდება სპეციალურად კახეთის რეგიონისთვის.
ფორუმზე მოწვეული იქნებიან უცხოელი ინვესტორები, რომელთაც ადგილზე წარვუდგენთ კახეთის რეგიონის პოტენციალს, ასევე გავაცნობთ რეგიონის განვითარების ხედვასა და კონცეფციას. ვფიქრობთ, კახეთის რეგიონში ფორუმის ჩატარება კარგი პლატფორმა იქნება სამომავლოდ სხვა რეგიონებისთვის“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი