სიღნაღში ქრთამის მიცემის ფაქტზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. უწყების ცნობით, თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ბექა ხ. საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა.
ბექა ხ.-ს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი