არაბული კომპანია „ახტალის“ რეაბილიტაციას ნოემბერში დაიწყებს
სამკურნალო-ბალნეოლოგიური განახლებული კურორტი „ახტალა“ პირველ სტუმარს 2023 წელს მიიღებს.
კურორტის ხელმძღვანელის გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა. კურორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.
უტიაშვილის განცხადებით, ისევე როგორც ზოგადად ტურისტულ სექტორს, კორონავირუსმა დარტყმა „ახტალასაც“ მიაყენა.
„დამსვენებლების ძირითად ნაწილს უცხოელები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ადგილობრივი დამსვენებლების აქტივობაც მეტ-ნაკლებად შემცირდა, – აცხადებს უტიაშვილი.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3,76 მლნ ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელიც საქართველოში 2019 წლის მარტში დარეგისტრირდა. „ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.