რა გავლენა იქონია პანდემიამ კურორტ ,,ახტალას” საქმიანობაზე
პანდემიიდან გამომდინარე, კურორტ ,,ახტალაზე” ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
კურორტის დირექტორის გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონი დაიწყო, კურორტი პირველი მაისის ნაცვლად 17 ივნისიდან გაიხსნა. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი ყოველდღიურად კლებულობს.
მისივე განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაა.
,,კორონავირუსის გამო გვიან გაიხსნა საკურორტო სეზონი. გახსნისნამდე შევიძინეთ ყველა ის ინვენტარი და ხსნარები, რაც რეგულაციებით იყო გათვალისწინებული. სწორედ ამის შემდეგ განვაახლეთ მუშაობა.
დამსვენებელთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. გახსნის მომენტში ვიზიტორების მეტი რაოდენობა იყო, შემდეგ კი მოიკლო და დღეში შეიძლება ორი სამი პაციენტი შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს ასევე შეკვეთები”,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი უტიაშვილმა.
მისივე თქმით, ,,ახტალაზე” მისულ დამსვენებლებს ტალახის აბაზანებით, სამკურნალო ვარჯიშებით, მასაჟით, ფიზიოთერაპიული საშუალებებით და ელექტროტალახით მკურნალობით შეუძლიათ ისარგებლონ.
,,კომპლექსი მოიცავს ,,ახტალის” ტერიტორიას. აქ ძირითადად არის ახტალის სამკურნალო ტალახის საბადო, სადაც დაახლოებით 350 მეტრის სიღრმიდან ამოიფრქვევა ტალახი თხიერ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ სამკურნალოდ გამოიყენება.
გარდა ტალახის აბაზანებისა, ჩვენ გვაქვს სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი, ფიზიოთერაპიული საშუალებებით და ელექტროტალახით მკურნალობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ. გვაქვს ასევე სანატორიუმი, სადაც ვიზიტორების განთავსება ხდება”,– განაცხადა გიორგი უტიაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება კურორტის რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს ახალი სანატორიუმების, სასტუმროების და სააბაზანო განყოფილების მშენებლობას, რისთვისაც ,,ახტალის” ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ძველი შენობა დაინგრა და მომზადდა ადგილი მშენებლობისთვის.
ავტორები: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი