სოფელ ჩუმლაყში, საკუთარ სახლში 5 დღის გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს
გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. ,,სასაფლაოს უბანში” , 5 დღის გარდაცვლილი 53 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა დამ ნახა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა.
როგორც Knews.ge-ს სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ზაზა რუაძემ განუცხადა, მამაკაცი ალკოჰოლურ სასმელზე იყო დამოკიდებული და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
,,სავარაუდოდ ნასვამი იყო. წლებია ალკოჰოლზეა დამოკიდებული. გარდაცვლილს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ადგილზე იყო უკვე პოლიცია, რომელმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ზაზა რუაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.