პლაკატების ომი კახეთში
საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. პარტიების წარმომადგენლები კი ერთმანეთს სააგიტაციო მასალების გაკვრაში ეცილებიან.
ამასთან ერთად პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს წინასაარჩევნო მასალების დაზიანებაში ადანაშაულებენ.
,,ლეიბორისტული პარტიიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ნიკოლოზ ვარდოშვილი განმარტავს, რომ მისი პლაკატები რამდენჯერმე დააზიანეს და სხვა კანდიდატის პლაკატი გადააკრეს.
,,არჩევნების გაყალბებაა თუნდაც ის, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელი გვეშლება. უარესია ის, რომ მმართველმა გუნდმა ჩვენს პლაკატებს თავისი მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები გადააკრა. ასევე, ქალაქში რამდენიმე ადგილას საღებავით არის შეღებილი ჩემი პლაკატები. ეს არის წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლა და კანდიდატების არათანაბარ საარჩევნო გარემოში ჩაყენება’’,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავი- ახმეტა- ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი კი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემები ხშირად ექმნებათ. მისი თქმით, აუცილებელია დასრულდეს პლაკატების ომი.
,,მე ყოველ არჩევნებზე მქონდა სურვილი და იმედია მომავალ არჩევნებზე იქნება შესაძლებელი, რომ აღარ გამოვიყენოთ პლაკატები. საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ პლაკატი დღევანდელ სამყაროში, როცა არსებობს სოციალური მედია, მოძველებული ფორმაა. გამოვიყენოთ კი ბატონო ბილბორდები, გამოვიყენოთ სოციალური მედია, მაგრამ პლაკატების ომი უნდა დასრულდეს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პლაკატებით ბრძოლა არანაირ შედეგს არ გამოიღებს და ამომრჩეველი არჩევანს მაინც სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთებს.
,,მსგავსი სააციელით ფიქრობენ რომ მე მებრძვიან, რათა ადამიანებს დაანახონ რა მაგრები არიან. ყველა ეს ქმედება ცუდად შემოუბრუნდებათ. მე ვიყავი ხელისუფლებაში, კონკრეტული ადამიანების შეცდომები გახდა სწორედ იმის საფუძველი, რომ მათ ნდობა არ გამოგვიცხადეს. ეს ხელისუფლებაც იმ გზას დაადგა’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.