რაზე ამახვილებენ ყურადღებას პოლიტიკური პატიები წინასაარჩევნო პროგრამებში
სოციალური სფეროს გაუმჯობესება, ეკონომიკური წინსვლა, დასაქმება, გადასახადების შემცირება, სოციალურად დაუცველების დახმარება და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებია მორგებული.
პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა partiebi. Ge-ზე განთავსებული საარჩევნი პროგრამები შეისწავლა და ანალიზი გააკეთა. მისი განცხადებით, პარტიის პროგრამები ძირითადად მორგებულია არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ამასთან ერთად, არის საკითხები რაც ყველა პარტიის პროგრამაში გვხვდება.
,,მუშაობისას ძალიან საინტერესო და აღმოჩნდა ის, რომ პარტიების დიდი ნაწილი მორგებულია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას. მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები იჭრებიან ერთმანეთის სფეროებში და ისინი თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე ძირითადად ხაზს უსვამენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის სოციიალური პრობლემატიკის მოგვარება, საგადასახადო შეღავათების დაწესება, სოციალურად დაუცველების დახმარება და სხვა”, – განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თქმით, მათ საარჩევნო პროგრამებში სწორედ ის მნიშვნელოვანი საკუთხებია შესული, რომლის მოგვარებაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი განმარტავს, რომ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ იდეოლოგიური აღრევები ხდება. მისი განცხადებით, გარდა სხვა საკითხებისა, პარტიის მთავარი დაპირება სკოლებში ბავშვებისთვის ერთჯერადი უფასო კვება და დიდი ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის აღდგენაა.
,,ჩვენ პარლამენტში შესვლისთანავე ინიცირებას გავუკეთებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სკოლებში დაინერგება ერთჯერადი უფასო კვება ბავშვებისთვის. ასევე, ცალკე მე მექნება ინიციატივა, რომელიც შეეხება ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის დაბრუნებას, რომელიც ქალაქებს წლების წინ ურცხვად წაართვა ,,ქართულმა ოცნებამ’’.
ზოგადად, თუ პარტიების განცხადებებს და პროგრამებს ვნახავთ, მემარჯვენე პარტიები იხრებიან მკვეთრად მემარცხენეობისკენ და მე ვთვლი, რომ ეს არის პოპულიზმი ამომრჩეველზე დივიდენდების მოსაპოვებლად”, – განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
,, ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ მათი პროგრამა მორგებულია არსებულ საჭიროებებზე. ის მოიცავს როგორც ახალგაზრდულ ასევე სოციალურ მიმართულებას, დასაქმების პრობლემების მოგვარებას და გადასახადების შემცირებას. მისივე თქმით, მათ ასევე შემუშავებული აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ქვეყანას გაჭირვებიდან გამოიყვანს.
,,მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე. ამის მთავარი გასაღები და გამოსავალი კი არის მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ასევე გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 23 მარტს გამოვაქვეყნეთ. ის გულისხმობდა იმ პირების დახმარებას ვინც სამუშაო დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა. დეტალურად არის გაწერილი რა მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ორგანიზაცია,, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკა შარვაშიძე განმარტავს, რომ საიტი WWW.PARTIEBI.GE რომლის პრეზენტაცია და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა თელავში მოხდა, ამომრჩეველს საშუალებას აძლევს გაეცნოს პარტიების ხედვებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
,, www.partiebi.ge ჩვენი ორგანიზაციის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო პროგრამების შექმნას, ისე საზოგადოების ინფორმირებას მათ შესახებ.
ამასთანავე, საიტის საშუალებით ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ერთმანეთს შეადაროს პოლიტიკური პარტიების ხედვები ცალკეულ, მისთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოს მათ სრულ საარჩევნო პროგრამას. ეს ყველაფერი არის მიმართული იქიკენ, რომ გაიზარდოს პოლიტიკური კულტურა მოქალაქეებსა და პარტიებში”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.