თელავსა და ყვარელში მევენახეები რთველთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მევენახეები, ყურძენზე გასაყიდი ფასის გაზრდას და ქარხნებში ყურძნის ჩაბარების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით თელავის სოფელ აკურასა და ყვარლის სოფელ გავაზში აქცია გაიმართა. ადგილობრივები რთველთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და საკითხით დაინტერესებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ღვინის ქარხანასთან რიგები გააპროტესტეს ადგილობრივმა მევენახეებმა. მათ გზა გადაკეტეს და პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
,,სამი დღეა დაკრეფილი გვაქვს ყურძენი და არ იბარებენ. ძალიან რთული სიტუაციაა სოფლებში. სწორედ ამიტომ, სოფელ აკურაში, პროტესტის ნიშნად მძიმე ტექნიკით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს. ამის შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა”,- აცხადებენ ადგილობრივები.
მევენახეები ქარხნებთან რიგებსა და ყურძნის ჩაბარების პრობლემაზე საუბრობენ ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზშიც. ისინი ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნება. მათივე თქმით, კახეთის რეგიონში ქარხნები მუშაობს გამართულად და აკურელებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ.
,,ყურძნის ჩაბარება აქ თუ ვერ მოხერხდა, სს ,,აკურამ” გახსნა გურჯაანში ქარხანა და შეუძლიათ იქ წაიღონ. ამ ეტაპისთვის ჩაბარების პრობლემა არ არის და ეს პროცესი რიგების გარეშე და სრული წესრიგის დაცვით მიმდინარეობს. 89 ქარხანა მუშაობს ამ ეტაპისთვის. აკურაში მცხოვრებ მოსახლეობას სწორედ ეს განემარტა. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია სად შეუძლიათ წაიღონ ჩასაბარებელი ყურძენი”,- განაცხადა რთველი 2020 შტაბის ხელმძღვანელმა ბესარიონ სულაქველიძემ.
რაც შეეხება ფასს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ მევენახეს დასახმარებლად მოხდა ყურძნის სუფსიდირება.
,,კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასმა მევენახემ ჩააბარა. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის გადამუშავების პროცესში 167 ღვინის საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სახელმწიფო შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ფოტო: გიორგი ალადაშვილი