ყვარელში ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 19 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ტრამვული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა.
19 წლის ახალგაზრდა თავდაპირველად ყვარლის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ყვარელში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი შემთხვევის ადგილზე, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის ავტომაგისტრალზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. ორი დაშავებული ახალგაზრდა კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.