თელავში მცხოვრები მჭედელი სამჭედლო სკოლის გახსნის ინიციატივით გამოდის
ქალაქ თელავში მცხოვრები, ჯემალ სანდოშვილი ქართულ და უცხოურ ისტორიულ იარაღებს და სამკაულებს ამზადებს.
მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში , შექმნილი აქვს ქართული ხმლები, ჩინური და იაპონური საბრძოლო იარაღები, შუბები, მშვილდი. ასევე სხვადასხვა სახის სამკაული, რომელიც როგორც თავად ამბობს ისტორიული მახასიათებლების გარდა მისი შექმნილი დიზაინით გამოირჩევა.
ჯემალ სანდოშვილის განცხადებით, სახლში საკუთარი ხელით მოაწყობილ სახელოსნოში დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ატარებს. როგორც თავად აღნიშნავს, მჭედლობით პატარა ასაკიდან დაინტერესდა, თუმცა სერიოზულად ეს საქმიანობა, რამდენიმე ათეული წლის წინ ფინანსური შემოსავლის მისაღებად წამოიწყო.
,,ოქრომჭედლობა 1975 წელს დავიწყე. ეს განაპირობა იმან, რომ იქ სადაც დასაქმებული ვიყავი მქონდა დაბალი ანაზღაურება. ამიტომ გადავწყვიტე დამატებითი საარსებო წყარო გამეჩინა და ხელობა მესწავლა. რადგან სამხატვრო განათლებაც მქონდა და მეხერხებოდა კიდეც ეს საქმე, გავაკეთე სახელოსნო და ოქრომჭედლობას მივყავი ხელი”,– აცხადებს სანდოშვილი.
იგი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მას 30–მდე მოსწავლე ჰყავდა, თუმცა მათგან უმეტესობამ მხოლოდ ოქრომჭედლობა ისწავლა და იარაღების დამზადების სურვილი არ ჰქონიათ.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ვინმემ ეს საქმე გააგრძელოს, რათა არ დაიკარგონ იარაღის ოსტატები.
,,მეშინია, რომ ძალიან მალე, კახეთში დაიკარგება იარაღის ოსტატი. ოცდაათამდე მოსწავლე მყავდა, მინდოდა მათ ესწავლათ იარაღის კეთება, მაგრამ ყველა მათგანმა მხოლოდ ოქრომჭედლობის სწავლა შეძლეს”,- განაცხადა ჯემალ სანდოშვილმა.
მისი თქმით, სურვილი აქვს, რომ ვინმემ მჭედლობა ისწავლოს.
,,თელავს რომ აქვს სამხატვრო სკოლა და ასწავლიან ხატვას, ასე მინდა გაკეთდეს სამჭედლო სკოლა, სადაც იარაღის დამზადებას ვასწავლიდი მოსწავლეებს. ადგილის გამოყოფის მოთხოვნით, ამ საკითხზე ყველა მთავრობას მივმართე, რომ ადგილი გამოეძებნათ და მცირედ ხელფასზეც თანახმა ვიყავი, თუმცა მხარი არავინ დამიჭირა’’,– განაცხადა სანდოშვილმა.