სოფელ მატანში მცხოვრები ხელოვანის ხელით შექმნილი ნამუშევრები- ფოტოები
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები სოფიკო მარუქაშვილი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.
მისი განმარტებით, ქარგვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბავშვობიდან მოსწონდა. ამ ეტაპზე 250-მდე ხელნაკეთი ნივთი და ნაქარგი აქვს, რომელიც საკუთარი დიზაინით შექმნა.
,, ვარ 37 წლის, ვცხოვრობ სოფელ მატანში. დაახლოებით 16-17 წლის წინ პირველად ვცადე ქარგვა. საკმაოდ ვიწვალე სანამ ყველაფერს გავიგებდი, ვშლიდი, ვქარგავდი, რაღაც არ მომეწონებოდა და ისევ ვარღვევდი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ულამაზესი ზამთრის პეიზაჟი გამომივიდა. აღარც გავჩერებულვარ, დღესდღეისობით უკვე 250-მდე ნამუშევარი მაქვს შესრულებული”,- განაცხადა სოფიკო მარუქაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები ნელ-ნელა მოთხოვნადი ხდება. ხელოვანის თქმით, ის გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. წელს საზღვარგარეთაც ჰქონდა დაგეგმილი გამოფენაში მონაწილეობა, თუმცა პანდემიის გამო ხელი შეეშალა.
,,დღეს ხელსაქმე საკმაოდ მოთხოვნადია. ხშირად ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში საქართველოს მასშტაბით და დამთვალიერებელის გამოხმაურებაც დიდია. წელს დაგეგმილი იყო აშშ-სა და საბერძნეთში გამოფენები, მაგრამ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა”,- განაცხადა ხელოვანმა.
ნამუშევრებს ძირითადად ინტერნეტით ყიდის.
,,ნამუშევრებს ვყიდი, ძირითადად შეკვეთები მაქვს ახალდაბადებული ბავშვების პორტრეტებზე, სადაც სახასიათო ნაქარგთან ერთად ამოქარგულია ბავშვის დაბადების დრო და წონა. ასევე ვყიდი ქართულ თემატიკაზე შექმნილ ნაქარგებს. გარდა ამისა, ხელსაქმესთან ერთად ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემ მეგობრებთან ერთად ვცდილობ პატარ-პატარა სიახლეები შევიტანო მის ცხოვრებაში.”
ხელოვანი სამომავლოდ სოფელში პერსონალური გამოფენის გაკეთებას გეგმავს.
წყარო: ახმეტის განვითარების ჯგუფი