პანკისში თავს დაესხნენ მსახიობს, იმის გამო, რომ შორტები ეცვა
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თანამდებობის პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ხეობა დატოვეს.
მოძრაობის თეატრის მსახიობები ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.