,,სირცხვილია”- თელავში საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს 18:00 საათზე თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე აქცია ,,სირცხვილია” გაიმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატების ყოფნას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ.
,,ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატები გავრილოვის მეთაურობით. ასევე რამდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან. როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი.
ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინაწინააღმდეგ. დღეს, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ველით ყველას. დავდგეთ ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში არიან. დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.