თელავის #1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
თელავში, მეფე ერეკლე II-ს სახელობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია. თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ცოტა ხანში დაიწყება. მისივე თქმით, ამავდროულად, კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობები სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში.
„კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა ასაკის ჯგუფების მობილობის და თავშეყრის შემცირების შესახებ. კერძოდ, გუნდური მეცადინეობების დროებით შეწყვეტა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში“ – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა მედიასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე.
რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის 150- ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული. სპეციალისტების განმარტებით covid19 იფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია.