ახალი ამბები

სიღნაღში შსს-ს თანამშრომლების ინფიცირების წყარო უცნობია

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სავალდებულო გეგმიური ტესტირების დროს, შსს -ს ადგილობრივი განყოფილების ორ თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის აღნიშნული პირების ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, ორივე მათგანი კოვიდ კლინიკაშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ ამ დრომდე ჩატარებული ეპიდკვლევის მონაცემებით უკვე დადგინდა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფ პირეთა ვინაობა. ისინი და ინფიცირებულების ოჯახის წევრები გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.
პოლიციის 27 თანამშრომელს კი გეგმიური ტესტირებით აქვთ უარყოფითი შედეგი, თუმცა მიეცათ თვითმონიტორინგის რეკომენდაცია.
კონტაქტირებული პირებიდან აღებულია საკვლევი მასალა, რომელიც თბილისის ლაბორატორიაში ტესტირებისათვის გაიგზავნა. ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო უცნობია. აღნიშნული პაციენტები არიან ერთმანეთის კონტაქტები. ეპიდკვლევა გრძელდება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა, საიდანაც ლაგოდეხში -7, სიღნაღში– 2, მატანში -13 და ველისციხეში-7 შემთხვევაა დაფიქსირებული.