ლაგოდეხსა და სოფელ მატანში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს
ლაგოდეხსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ეპიდკვლევა დაინფიცირებული პირების კონტაქტების გამოსავლენად ტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეს კახეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, ლაგოდეხში ინფიცირებულია შუახნის კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსია. ის აჭარის რეგიონიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად 10 სექტემბერს დაბრუნდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, პაციენტი თავდაპირველად ლაგოდეხის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, covid19 ის დადასტურების შემდეგ კი, დღეს დილით თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, სოფელ მატანში კორონავირუსის ორი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა,სოფელ მატანში მცხოვრები კაცის ახლო კონტაქტებია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ორი შემთხვევა კახეთში გუშინ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კორონავირუსი, ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს გამოუვლინდა.
მისი ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევა ასევე დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც.
მისი თქმით, ვირუსი გუშინ დაუდასტურდა ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გორში გამართულ ქორწილში დაინფიცირებული პირის კონტაქტია.