კახეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავახებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კორონავირუსი, ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს გამოუვლინდა.
მისი ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევა ასევე დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც.
მისი თქმით, ვირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გორში გამართულ ქორწილში დაინფიცირებული პირის კონტაქტია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.
,, სოფელ ველისციხეში ვირუსი დაუდგინდა ასაკოვან ქალს, რომელსაც კონტაქტები აქვს თბილისში და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს ქალბატონი გახდა, რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული შემთხვევის წყარო.
რაც შეეხება სოფელ მატნის შემთხვევას, გვაქვს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ვირუსი გადაედო, ქალბატონისგან, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, წყაროს ზუსტად დასადგენად და კონტაქტების გამოსავლენად”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, ინფიცირებული პირები, უკვე გადაიყვანეს თბილისში, სპეციალურ კოვიდ კლინიკებში სამკურნალოდ.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევა, სოფელ ველისციხეში, 9 სექტემბერს გამოვლინდა. ინფიცირებული პირის 7 კონტაქტიდან, ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.