თელავში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
როგორც მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ისე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31 ოქტომბერს გაიმართება.
საკრებულოების შუალედური არჩევნები კახეთში თელავში გაიმართება.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.
მიქელაძის განცხადებით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ცესკომ არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.
ცესკომ საკრებულოების შუალედური ისე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.