სად მიდის კახეთიდან გასხვისებული ინტელექტი
კახეთში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. მათ ნაწილს თბილისში, ნაწილს კი უცხოეთში უწევს სამსახურის საძიებლად წასვლა, რაც რეგიონიდან ახალგაზრდების მასობრივ შიდა და გარე მიგრაციას იწვევს.
კახეთის რეგიონში ახალგაზრდებისგან 80-მდე სოფელი იცლება. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში არ არის შესაძლებლობა მათი განვითარების, რის გამოც ისინი სხვაგან საცხოვრებლად წასვლას ამბჯობინებენ.
ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია შეინიშნება თელავში. ადგილობრივი აბიტურიენტი ანა ხეჩიაშვილი აცხადებს, რომ მათთვის რეგიონში არანაირი პერსპექტივა არარსებობს, სწორედ ამიტომ ის ჯერ თბილისში წასვლას, შემდეგ კი საზღვარგარეთ ცხოვრებას აპირებს.
,,ყოველწლიურად თელავი ძალიან მნიშვნელოვან ინტელექტუალურ რესურსს კარგავს. მეც ახლა ვარ აბიტურიენტი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას თბილისში და შემდეგ უცხოეთში წასვლას. თელავი არის შავ-თეთრი ქალაქი და მე უბრალოდ აქ ცხოვრება არ მინდა. რეალურად აქ არაფერი არ არის, გარდა კაფეებისა და რესტორნებისა. ახალგაზრდებს ბევრი პრობლემა აქვთ და სწორედ ამიტომ მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან”,- განუცხადა knews.ge-ს ანა ხეჩიაშვილმა.
მსგავს პრობლემებზე საუბრობენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებიც. ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ მეტი მიზნობრივი პროექტი განახორციელონ, რომლებიც მათ ადგილზე დასაქმებას და დამაგრებას შეუწყობს ხელს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ ტვინების გადინების შესაჩერებლად მათ სამი წლის წინ დაამტკიცეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება და ამ კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების თუ პროექტების განხორციელება ხდება.
იხილეთ მასალა ვრცლად: