თელავის “კაკლის წყაროს” ისტორია
თელავის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით და უძველესი წყაროებით.
ერთ-ერთი ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ,,კაკლის წყაროა”, რომელიც უამრავ წელს ითვლის და დიდ ისტორიას ინახავს.
,,კაკლის წყარო” ერთ-ერთი ცივი და გემრიელი წყაროა თელავში. იგი ერთი მიმართულებით არ მოდის და დიდი რაოდენობით წყალი მიწაში იკარგება. წყარო სათავეს ღვთაების მთის ფერდობიდან (სიმაღლე 730 მეტრი ზღვის დონიდან ) 120–150 მეტრის მანძილზე იღებს.
აღსანიშნავია, რომ ძველად ამ ადგილას იდგა კასრები, რომლებსაც მეეტლეები ავსებდნენ და წყალს ახლო მცხოვრებ მოსახლეობას აწვდიდნენ, ძველად წყაროს გეჯაც ჰქონდა, საიდანაც საქონელს წყალს ასმევდნენ და აბანებდნენ.
მისი სახელი ,,კაკლის წყარო” იქვე მდგარი დიდი კაკლის ხიდან მომდინარეობს, საიდანაც წყალი გამოდიოდა. ამ კაკლის ხის ფესვები იმხელაზე იყო გამოწეული, რომ გაძრომაც კი შესაძლებელი იყო. ქუჩის სახელწოდებაც აქედან მოდის. წყალი ქუჩაში გამოდიოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა ,,კაკლის წყაროს” ქუჩა”,– წერია ისტორიულ დოკუმენტებში.
დღეისთვის ,,კაკლის წყაროს” წყალი დასალევად უვარგისია, რადგან ღვთაების უბანში კანალიზაცია არ არის და წყალი დაბინძურდა.
knews.ge-ს მასალა მოაწოდა თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე