გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.
უწყების ინფორმაციითვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკის ტერიტორიაზე მდებარე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს.
,,პროექტი ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობას. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ხორციელდება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე გურჯაანს და გურჯაანელებს განახლებული, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა ექნება”,–განაცხადეს მერიაში.