გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონა, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, ნაგვის ურნების და მწვანე საფარის მოწყობას.
,,პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცედ დაიყო და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე მდებარე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციას.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება და გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.