ახალი სასწავლო წელი დისტანციით
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა რა დრომდე გასტანს სწავლა საკლასო ოთახებში, პროგნოზი ძნელია. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სახლში არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, ქვეყნის მასშტაბით 50 400-ია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასკოლო სივრცეში მეცადინეობა გასული სასწავლო წლის მარტის დასაწყისში შეწყდა. რამდენიმე ხანში, საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. თუმცა, ამ პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. სწავლების ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად განისაზღვრა გაკვეთილები ზუმის აპლიკაცია, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული სატელევიზიო პროგრამა „ტელესკოლა“ თუმცა ექსპერტების აზრით, სკოლის ჩანაცვლება ამ მეთოდით შეუძლებელია.
მშობელთა დიდი ნაწილი განათლების სამინისტროს ინიციატივას, სწავლის დაწყების შესახებ ე.წ. ჩვეულ რეჟიმში, ანუ სასკოლო სივრცეში განახლების შესახებ, მოწონებით შეხვდა, თუმცა ისინი შიშობენ, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები ფურცელზე დაწერილ რეგულაციებად დარჩება, საჯარო სკოლები რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ და მათი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში, სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლებს. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რთული შესასრულებელი იქნება ბევრი სკოლისთვის.
ისმის შეკითხვები სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, წყლის სისტემებისა და სველი წერტილების ჰიგიენის, გათბობის თაოაბზე. ეს გამოწვევები სკოლებში აქამდეც იყო და რა შეიცვალა არ ვიცი, – ამბობს ნინო ელაშვილი, 12 წლის მოზარდის დედა.
მშობლებს აინტერესებთ ისიც, როგორ დაიცავს სკოლა მოსწავლეებს შორის დისტანციას მაგალითად, გაკვეთილებს შორის შესვენებებზე. იმასაც შიშობენ, რომ სკოლის დამლაგებლები ფიზიკურად ვერ შეძლებენ იმ პირობების შესრულებას, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული – მაგალითად, ყოველი დასვენების შემდეგ სველი წერტილებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების, ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული წესით დამუშავება და ა.შ. კითხვა გააჩინა განათლების სამინისტროს რეკომენდაციამ იმის თაობაზე, რომ მოსწავლეებისთვის, საგაკვეთილო პროცესში, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.
კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში აცხადებენ, რომ ამ საჯარო სკოლებმა რეკომენდაციები უკვე მიიღეს და ამ ეტაპზე ინსტრუქციების შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების დაწყება იგეგმება.