თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და განმარტავს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია სახლში.
” მე პოლიტიკური პატიმარი ვარ, ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად. ვითხოვ, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას. არც მეუღლესა და შვილებზე მიძალადია და არც იარაღი მქონია. პოლიციას ვერ დავაბრალებ, თუმცა ეგ იარაღი საიდან გაჩნდა არ ვიცი. რეგისტრირებული რომელიც მქონდა ჩემი ხელით ჩავაბარე”,- განაცხადა გრემელაშვილმა.
პროკურორის, ნატო ბურთიკაშვილის განმარტებით, გრემელაშვილი, გენდერული ნიშნით სიტყვიერად და ფიზიკურად, არაერთხელ გაუსწორდა ოჯახის წევრებს.
“იარაღის დემონსტრირებით და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და ქალიშვილებს. აღიარებდა მხოლოდ ვაჟს და გოგონებს უზღუდავდა ყველა უფლებას. იარაღის მუქარით მოითხოვდა მათგან ჯერ დაჩოქებას, შემდეგ კი სახლის დატოვებას. ასევე ადგილი ჰქონდა ჰაერში სროლის ფაქტსაც, რამაც, ოჯახის წევრებს გაუჩინა შიში, რომ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. რაც შეეხება იარაღს, მისი სახლიდან ამოღებულია, როგორც გაფორმებული, ასევე კალაშნიკოვის ტიპის მოქმედი იარაღი და 105 ვაზნა”,– განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, სოფელ შალაურიდან, ოჯახის წევრებზე ძალადობაში, საკუთარმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა. ის დღემდე საკრებულოში ფრაქცია ” პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.