ახალი ამბები

სიღნაღში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა.

მისი განცხადებით, საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის ილია თამარაშვილის ინფორმაციით საწარმოში, ჯამში 900 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

„ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, კახეთის რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია.

,,დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.