ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გზის ნაცვლად ნიაღვარი – იორმუღანლოში დახმარებას ითხოვენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

ძლიერი წვიმის შედეგად სოფლის ცენტრალური გზა  ნიაღვარმა გაანადურა.  იორმუღანლოში გზები წლებია მოუწესრიგებელია და არაერთი დაპირების მიუხედავად მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა.

იორმუღალოს თემში მცხოვრები ელვინ ქარიმოვი სოფელ კაზლარში წვიმის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი გზაზე მოედინება და გარდა იმისა, რომ გადაადგილების პრობლემას ქმნის, მაცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

,, ყოველი წვიმის დროს წყალი მდინარესავით მოედინება იქ, სადაც მოსახლეობას გადაადგილება უწევს. გარდა ამისა, სახლებიც იტბორება. გუშინაც ძლიერი წვიმის გამო მთელი წყალი გზებზე მოედინებოდა. მანქანით გადაადგილებას ვერ ვახერხებდით. ახლა კი იმდენი ქვიშა და ნაგავი ჩამოიტანა, იმხელა ორმოებია გზებზე, რომ ეზოდან ვერ გამოგვყავს მანქანები. 

პირველ რიგში აუცილებელია გზის რეაბილიტაცია მოხდეს და ეს პრობლემა მოგვარდეს, რათა მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება შეძლოს. ყოველთვის როცა მოდიან, ქვიშას ყრიან გზაზე, მისი მოხრეშვაც ხდება და ორმოების ამოვსებაც, მაგრამ არაეფექტურია. დღეს თბილისში წასასვლელად სოფლიდან ცენტრალურ გზამდე ფეხით წავედი, რადგან მანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო”,– განუცხადა KNEWS.GE-ს ელვინ ქარიმოვმა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ წყალი მდინარესავით მოედინება. საგარეჯოს მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია, თუმცა ზუსტი დრო, გაურკვეველია.  „კახეთის ხმა“ სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხს თვალს მიადევნებს.