ბლოგებისტატიები

მივიწყებული გარეჯა – გიდის მოყოლილი ამბები

„ჩემი სახლის აივანი პირდაპირ უყურებს გარეჯის მთას და აუტანელი განცდაა, როცა ვხედავ და იქ ასვლა არ შემიძლია. ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანულ მხარესთან, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ვხედავ, რომ არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას აღარ ახსოვს გარეჯა. ყველამ უბრალოდ დაივიწყა აქაურობა“, – ამბობს ზვიად ანანიაშვილი. 

გარეჯის გიდს უდაბნოს ისტორია და დღევანდელობის მოყოლა ყველაზე კარგად შეუძლია.  21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. საქართველოს ბევრ ქალაქში გიდებმა უფასო ტურები ჩაატარეს, თუმცა გარეჯში ტურისტების რიცხვი ნელ-ნელა შენელდა. 

ზვიადი შიშობს, რომ გარეჯის უნიკალური კომპლექსი მივიწყებულია. გარეჯა ტურისტული თვალსაზრისით აღარ არის საინტერესო ძეგლი, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ საერთოდ ამოიღო კიდეც მარშრუტიდან, ის თავისი საყვარელი მარშრუტისკენ – უდაბნოსკენ ვერ წაგყვებათ, ვერც აღდგომის ტაძარს გაჩვენებთ და აღდგომა ღამეს წამებული 6 ათასი გარეჯელი ბერის ამბავს გიამბობთ,  ვერც ხარების ტაძარში, დემეტრე თავდადებულის ერთადერთ ფრესკასთან შეგახსენებთ წამებული მეფის ამბავს, თავისი ნებით რომ ეახლა მონღოლებს, ქვეყანისა და ხალხისთვის საფრთხე რომ აერიდებინა.

ის სხვა მონასტრებშიც – ნათლისმცემელის,  დოდოს რქის მონასტრებისკენ, წამებულსა თუ საბერეებშიც მიყვება ხოლმე ტურისტებს ან მომლოცველებს, მაგრამ მისი ძირითადი მარშრუტი მაინც – დავითის ლავრა და უდაბნოა. თუმცა 14 ივლისიდან, აგერ უკვე მერვე თვეა, ის მთის იქითა მხარეს, უდაბნოსკენ არ გადასულა, არც მას უშვებენ და არც არავის აქეთა მხრიდან.

გარეჯი ბავშვობიდან იცის. საინტერესო პერიოდიც დაემთხვა.  ეროვნულმა მოძრაობამ და საზოგადოების აქტიურობამ მაშინ თავისი ქნა და 80-იანი წლების ბოლოს დავითის ლავრაში  წირვა-ლოცვა დაუშვეს, სამონასტრო ცხოვრება განახლდა.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სამშობლო გარეჯიდან იწყება. აქ ავიდგი ფეხი ფიზიკურადაც და  სულიერადაც. 5-6 წლის ასაკიდან მახსოვს აქაურობა, მამას მოვყავდი, ოჯახით მოვდიოდით. იშვიათად რომ გაგვეცდინა წირვა-ლოცვა. 1989 წელს აქ, ამ ტაძარში, მოვინათლე“, – იგონებს.

2004 წლიდან ცხოვრობს გარეჯის მონასტერში, მერე მონასტერთან, ერთ სახლში გადავიდა. რამდენიმე წელია, გიდად მუშაობს და გარეჯში ყოველი ქვა და ბუჩქი იცის.  აქაურ ამბებსაც, დავით გარეჯელიდან და ლუკიანედან მოყოლებული კომუნისტებამდე და დღემდე, დიდი ემოციით უყვება სტუმრებს – ქართველებსაც და უცხოელებსაც. ყველაზე დიდი ხალისით და ინტერესით კი მაინც ქართველ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან მუშაობს. ამ თაობამ უკეთ უნდა იცოდეს გარეჯიც და ქვეყნის ისტორიაც.

„შარშან და შარშანწინ სეზონზე დღეში 1-2 ექსკურსია მაინც იყო, შაბათ-კვირას უფრო მეტიც, არასეზონზე – კვირაში 2-3. ახლა… თვეში 1-2 ჯგუფი თუ მოვა ჩემთან, ეგ არის და ეგ…. კი, ზამთარია, მაგრამ ადრე ზამთარშიც დადიოდნენ.  როგორც ვხედავ, გარეჯა ტურისტული თვალსაზრისით აღარ არის საინტერესო ძეგლი, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ საერთოდ ამოიღო კიდეც მარშრუტიდან!“, – ამბობს ზვიადი.

ამბობს, რომ ახლა გარეჯში მესაზღვრე და პოლიციელი უფრო მეტია, ვიდრე ტურისტი თუ მომლოცველი. ბევრ პოლიციელს კი, სამწუხაროდ, დიდად არც ანაღვებს, რა და როგორ იქნება.

„ჩემი სახლის აივანი პირდაპირ უყურებს გარეჯის მთას და აუტანელი განცდაა, როცა ვხედავ და იქ ასვლა არ შემიძლია. ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანულ მხარესთან, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ვხედავ, რომ არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას აღარ ახსოვს გარეჯა. ყველამ უბრალოდ დაივიწყა აქაურობა“, – ამბობს გარეჯის გიდი.

 ზვიად ანანიაშვილის ფეისბუკგვერდი უნებლიედ მისი და გარეჯის ბოლო ამბების დღიურად არის ქცეული. მისი ნებართვით რამდენიმე სტატუსი წამოვიღეთ, რადგან ხშირად ჟურნალისტები, გიდები, ხელისუფლებაც ზვიადის პოსტებიდან ვიგებთ, რა ხდება გარეჯში.

„გარეჯი. ამ საოცრების შემყურეს სევდა მახრჩობს.

რატომ გვაცლიან ასე ნელა-ნელა დავითგარეჯს? რატოა ყველა თაგვივით გატრუნული?“, 24 დეკემბერი, 2019 წელი

„მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ თავ-გახვრეტილი და მოტაცებული საქართველოს მოქალაქე, მწყემსი, (აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ) კვლავაც გაურკვეველ ვითარებაშია, განჯის რომელიღაც სავადმყოფოში.. 15.12.19

„ყოველ ხუთ წუთში ერთხელ სასაზღვრო პოლიიცის მანქანა დადის ჩიჩხიტურიდან ლავრამდე…
ვერ ვამტყუნებ: ეშინიათ, კიდევ ვინმეს არ გაუხვრიტონ შუბლი, იმ საწყალი მწყემსივით, რომლის ასავალ- დასავალიც კი აღარ ვიცით და რომელიც ასე გაწირა და მიივიწყა ყველამ. საზოგადოებას ისე სძინავს, საახალწლო ბათქაბუთქი და ფეიერვერკიც კი ვერ გააღვიძებს ალბათ. მთავარია ხელცარიელი არ შევხვდეთ ახალ წელს – ესაა ახლა მთავარი საზრუნავი…
ერი, რომლისთვისაც, გოზინაყი და საახალწლო სუფრა, უფრო დიდი სიწმინდეა და საზრუნავი, ვიდრე დავითგარეჯი და საკუთარი მოქალაქეების დაცვა, – იმასაც დაკარგავს, რაც ჰგონია, რომ გააჩნია!

24 დეკემბერი, 2019

„გამოთხოვება ბავშვობის მეგობართან. ვინ მოსთვლის რამდენჯერ ავსულვარ ამ ხეზე, რაც ფეხი ავიდგი, იქიდან მოყოლბული დღემდე? ან შემდეგ, რამდენჯერ წარმიდგენია ჩემი ტურისტებისთვის, როგორც ბავშვობის მეგობარი… ერთი ცარიელი ადგილი კიდევ გამიჩნდა გულში. ტკივილი ტკივილს ემატება ამ ბოლო დროს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, გახმა. მის ადგილას ზეთისხილს ვრგავთ. ეს მცირედით მაინც მიმსუბუქებს ტკივილს“

27 დეკემბერი, 2019 წელი (როცა დავითის ლავრის სიმბოლო – თუთის ხე მოჭრეს).

„დღეს დაირგო ზეთისხილის ხე, ძველი თუთის ადგილას. ეტყობა, რომ მოსწონს აქაურობა. თან მოუხდა ეზოს“

30 დეკემბერი, 2019

პატრიოტიზმი თუ კრიმინალი?!
მგონი ყველამ გაიგო, რომ დღეს, საქართველოს მოქალაქე გ.ი-მ,(სოფელ ფშავლიდან, წარმოშობით თუშმა) მძევლად აიყვანა ქართველი მესაზღვრეები, მონასტერ ჩიჩხიტურთან ხელყუმბარის მუქარით აიძულა, გაყოლოდნენ ჩიჩხიტურის კოშკისკენ, საიდანაც ისროლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმართულებით. ის ძალიან მალე გაანეიტრალეს და დააპატიმრეს (ქართველმა მესაზღვრეებმა).
მესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქმედებას შესაბამისი კლასიფიკაცია გააჩნია, რომელიც ციფრებში გამოისახება:- მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი და ა. შ…ნამდვილად არ ვარ კრიმინალის წამქეზებელი და ძალიან კარგად მესმის მსგავსი ქმედებებების უარყოფითი მხარე… მაგრამ…
14.01.20

„ძალიან ხშირად მებადება კითხვა: თუ რატომ არ იბრძვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რათა გარეჯის ეს უნიკალური ფრესკები, ყველა ქვეყნის მიერ (პირველ რიგში, აზერბაიჯანის მიერ) აღიარებულ იქნას, როგორც ქართული კულტურის ძეგლები!? ..
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა … შეიტანა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ამ ძეგლებს, აზერბაიჯანში ჩასულ ტურისტებს აცნობენ, როგორც ალბანურ-კავკასიურ ძეგლებს…მაინტერესებს თუ რატომ არ ილაშქრებს ამ მარაზმის და სიბინძურის წინააღმდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?! რატომ არ მიმართავენ საკუთარ აზერბაიჯანელ კოლეგებს, რათა შეწყვიტონ ეს ბინძური ოკუპაცია, ქართული კულტურის!?
20.01.20

„ჩვენი კულტურის ოკუპაცია გრძელდება. აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს, საერთაშორისო არენაზეც მიანიჭოს დავითგარეჯს ალბანური ძეგლის სტატუსი. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა, რომ ინგლისურენოვან ვიკიპედიში, გარეჯი მოხსენიებული იყო, როგორც ქართულ- ალბანური ძეგლი. მან გაუგზავნა ვრცელი წერილი, ვიკიპედიას, რომ ეს მცდარი და აღმაშფოთებელი სიყალბეა. ჩაასწორეს ტექსტი. ძალზეს სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რიგით მოქალაქეებს უწევთ იმაზე ზრუნვა, რათა დაიცვან ქართული კულტურა, მსგავსი სიბინძურეებისგან. ნუთუ არ უნდა არსებობდეს შესაბამისი სამსახური, რომელიც აღკვეთს მსგავს თავდასხმებს, ჩვენს კულტურაზე?! თუ შესაბამის სამსახურებს მხოლოდ ჩურჩხელისა და ტყლაპის ქართული წარმომავლობა აღელვებს,??
P.S
ამ ამბავმა, რატომღაც, გენიალური ქართველი მათემატიკოსის, ნიკო მუსხელიშვილის „დრეკადობის თეორია“ გამახსენა. რომელსაც ჯერ მუსხელიშვილის თეორია ერქვა, შემდეგ – მუსხელიშვილ-კოლოსოვის, შემდეგ, – კოლოსოვ-მუსხელიშვილის და ბოლოს – კოლოსოვის.
ასე იცის წაყრუებამ და თვალის დახუჭვამ. თუმცა მაშინდელი გასაგებია, საბჭოთა რეჟიმი იყო, – ახლანდელი კი ყოვლად გაუგებარია“

3 თებერვალი, 2020

„გარესჯა… მონასტერი კვლავ შუაზეა გახლეჩილი“

15 თებერვალი, 2020

ქვეყნად უამრავი სილამაზე არსებობს.. მაგრამ გარესჯა ესა სხვა სამყაროა (გარე სამყარო)..

9.01.20

ვიტალი ღვინიაშვილის ფოტო. 

 

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი