ახალი ამბები

დავით ქაცარავა – დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე საჭიროება იქნება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას განაგრძობს.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, ტერიტორიაზე ამჟამად სიმშვიდეა და მოძრაობის 5 წევრი იმყოფება.

„ჩვენ პატრულირება დავიწყეთ. აღდგომის ტაძართან ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. აბსოლუტურად მშვიდობიანი მონიტორინგი გვაქვს, ვმოძრაობთ ტურისტულ მარშრუტებზე, არსად გადავდივართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სიტუაციის გაკონტროლება, რომელმაც გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა საზოგადოებაში. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას დროული ინფორმაცია მივაწოდოთ“,- აცხადებს დავით ქაცარავა.

მისივე ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ.

„ჩვენ აქ დავრჩებით იქამდე, ვიდრე ინტერესი და საჭიროება იქნება. ვადას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. საზოგადოების მაღალ ინტერესს ვხედავთ და იმას, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება“, – ამბობს ქაცარავა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი