დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა აგვისტოში გაიმართება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ინფორმაციით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.
„გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში”,– განაცხადა ლაშა დარასელიამ.
მინისტრის განმარტებით, 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია კი მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.
,,აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.
ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით”, – განაცხადა დარსალიამ.