,,სამოქალაქო მოძრაობა’’ – პროკურატურა სიღნაღის მერიის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს
,,სამოქალაქო მოძრაობა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს.
სახელმწიფო აუდიტმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების და ხარჯითი ნაწილი შეისწავლა, რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები, რომელიც არაჯეროვნად იყო შესრულებული.
გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე საუბარია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპებზე, სადაც არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას.
გარდა ამისა, დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებით მომარაგების საკითხს, სადაც აღნიშნულია, რომ 184 ბენეფიციარს მიმწოდებელი უხარისხო საჭმელს აჭმევდა, რაზედაც მერიას რეაგირება არ მოუხდენია.
,,როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხარისხიანი მომსახურება, რაზეც 2017-2018 წლებში სიღნაღის ბიუჯეტიდან 215.7 ათასი ლარი დაიხარჯა.
სიღნაღის მერიამ ხელშეკრულება ი/მ „ირმა ნასყიდაშვილთან“ გააფორმა, რომელიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას არასათანადოდ მომზადებულ საკვებს და ნორმით დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებით აწვდიდა.
სიღნაღის მერიაში შესულია ბენეფიციარების ერთობლივი განცხადებები, საკვების უხარისხობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შესაბამისად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება”, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე საუბარია საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად დახარჯვაზე, არაკვალიფიციურად შედგენილი დოკუმენტაციისა და მერიის არასათანადო მიდგომის გამო სიღნაღში ინფრასტრუქტურუოლი პროექტების დაუსრულებლობაზე.
,,სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონულ ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში წყლის სისტემის, საგზაო სამუშაოების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ თავი აარიდა ელექტრონულ ტენდერებს და მათი შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვით, როგორც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა შესაბამისი საფუძვლები არ არსებობდა.
შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინერესდნენ.
,,ანგარიშში, რომელსაც აუდიტის სამსახური აქვეყნებს ბევრ დარღვევაზეა საუბარი. მათ შორის საუბარია წნორში არსებული სათნოების სახლის 184 ბენეფიციარის უხარისხო საკვებით მომარაგებაზე.
ამაზე მერიამ პასუხისმგებლობა არ დააკისრა შესაბამის პირებს რაც დიდი დარღვევაა. ასევე პირდაპირი შესყიდვის გზით და დარღვევით გამოცხადდა ტენდერები, ვერ დასრულდა სიღნაღის დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, რაზედაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.
ამ ყველა საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მოვითხოვთ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობის თელავის ოფისის წარმომადგენელი, არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ აუდიტის ანგარიშში 11 რეკომენდაცია და 14 მიგნებაა, რომელიც ძირითადად მერიის საქმიანობას ეხება. მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობაა.
,,არ შეიძლება ხალხის ფული იხარჯებოდეს რამდენიმე ადამიანის მიერ. მოქალაქეები ცოტა მომთხოვნი უნდა ვიყოთ თვითმმართველობის მიმართ და მის საქმიანობას მონიტორინგს ვუწევდეთ. აუდიტის დასკვნაში, რომელიც მერიის საქმიანობას ეხება სულ 14 მიგნებაა აღნიშნული და ყველა ერთმანეთზე მწვავეა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც საუბარია არის ის, რომ მუნიციპალიტეტმა ბევრად მეტი თანხა გადაიხადა გარკვეულ სამუშაოებში, ვიდრე ის ღირდა.
ასევე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო პერიოდში არ მიმართა კომპანიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სხვა. აუდიტის მიერ შემუშავებულია 11 რეკომენდაცია, რომელიც მერიამ უნდა გაითვალისწინოს’’,- აცხადებს არჩილ მჭედლიშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ. მერის მოადგილე, მადონა ბატიაშვილი აცხადებს, რომ უწყებას აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციები 2 კვირის წინ მიაწოდა და მისი დიდი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია.
,,გადმოგვეგზავნა რეკომენდაციები 2 კვირის წინ, საიდანაც უმეტესობა თითქმის შესრულებულია. რაც შეეხება სათნოების სახლს, ჩვენ მაშინ არ ვიყავით თვითმმართველობაში. ბენეფიციარებს ემსახურებოდა ინდმეწარმე ,,ირმა ნასყიდაშვილი. 2017 წელს ამ საკითხზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა. 2018 წელს კი ჩვენ რომ მოვედით, გამოცხადდა ტენდერი, რომელიც მოიგო ინდმეწარმე ,,ბესიკ დოხნაძემ.”
მაშინ ბენეფიციარები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ საკვების მომზადების პროცესში იყო შეცდომები დაშვებული. მაგალითად საჭმელს ზედმეტი ან ნაკლები ცხიმი ჰქონდა აშ. ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან გაფრთხილების აქტები იწერებოდა, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი სოციალური სამსახურის სპეციალისტი ამოწმებდა ამ საკითხს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და რომ გვინდოდა ყველა ბენეფიცარი ყოფილიყო კმაყოფილი, შევქმენით ა(ა)იპ ორგანიზაცია და პრობლემა გადაიჭრა.
რაც შეეხება ბოდბის საბავშვბო ბაღს, ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა 300 000 ლარის ფარგლებში და მოიგო კომპანიამ, რომელსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მან სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. სწორედ ამის გამო დავაჯარიმეთ 24 000 ლარით. ამ დროისთვის ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
დენდროლოგიური პარკის 2018 წლის პროექტში იყო შეცდომა. უნდა გაკეთებულიყო რკინის კიბე, რომელიც სიღნაღის არქიტექტურას არ მიუხდებოდა.
ამიტომ საჭირო იყო არქიტექტურასთან შესაბამისობაში არსებული კიბე, რომელიც დიდ თანხებს მოითხოვდა. სწორედ ამიტომ 1 წელით გადაიდო აღნიშნული სამუშაოები.
არის თუ არა ეს საკითხები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ ვინმე ჩათვლის, რომ თანხებია არამიზნობრივად დახარჯული ან მითვისებული, მზად ვართ პროკურატურასთანაც ვითანამშრომლოთ’’,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.