ახალი ამბები

პანკისში მცხოვრები მანანა ქავთარაძე Forbes-ის 30 წლამდე მეწარმეების კონკურსის გამარჯვებული გახდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში მცხოვრები ახალფაზრდა მეწარმე მანანა ქავთარაძე 30 წლამდე მეწარმეების #ForbesUnder30 ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
იგი მეწარმე და სალაშქრო-სათავგადასავლო კემპინგის მფლობელია. Pankisi Camping-ის ბანაკის მიზანს მსურველებისთვის პანკისის ხეობის გაცნობა წარმოადგენს. მეწარმე ამბობს, რომ ხეობას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს აუთვისებელია.
მანო ქავთარაზე წარმოშობით ფასანაურიდან არის და პროფესიით ეკონომისტია. იგი ყოველ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში მიდიოდა. ის იხსენებს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების იდეაც პანკისის ხეობაში ლაშქრობის დროს მოუვიდა.
მისი თქმით, საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება და ხეობაში ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.
,,პირველად რომ ჩამოვედი პანკისში, მეც რაღაც შიში მქონდა და ხეობაზე ყველაფერი მხოლოდ უარყოფითი ვიცოდი. რეალურად კი, ძალიან განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ყველა კუთხე მაქვს შემოვლილი, ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი კი სხვაგან არსად მინახავს.
როდესაც პანკისში ჩავედი დასათვალიერებლად, ვნახე, რომ ძალიან ლამაზი ბუნებაა და ტურიზმის კუთხით არაფერი არ არის გაკეთებული. მხოლოდ რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც ქართველები ნაკლებად შედიან და ძირითადად უცხოელები სარგებლობენ ამით. 10 დღით პანკისის მთებში ვიყავი ლაშქრობაში და რომ ვნახე ბუნება, გავიცანი ადგილობრივები, ძალიან მომეწონა ყველაფერი.
გადავწყვიტეთ შეგვექმნა სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პანკისი ქემფინგ“. USAID-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი პანკისის ხეობისთვის და მე და ჩემმა მეგობარმა დავწერეთ პროექტი და მოვიპოვეთ დაფინანსება. პროექტის ფარგლებში საძილე ტომრები, კარვები, ჰამაკები და სხვა ინვენტარი შევიძინეთ.
ჩვენი ფულით კი ვიყიდეთ მცირე სამზარეულო, ჭურჭელი, ტექნიკა და ავაშენეთ პატარა შენობა. ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარა მოსახლეობა, ზოგს სამშენებლო მასალები მოჰქონდა და ვისაც რითი შეეძლო იმით გვეხმარებოდა. ადგილობრივების დახმარებით მოვაწყეთ მაგიდები და სკამები, ხისგან ავაშენეთ ადმინისტრაციული შენობა და კაფე’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს მანო ქავთარაძემ.
სათავგადასვლო ბანაკი ხადორის ხეობაში, ალაზნის პირას, იზოლირებულ, მყუდრო ადგილას მდებარეობს. მანო ქავთარაძის ინფორმაციით, Pankisi Camping-ს არსებული ინვენტარით ერთდროულად 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე მსურველებს ამავე დროს საკუთარი კარვით განთავსებაც შეუძლიათ.