სტატიები

პანკისში სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი შეიქმნა

ბანაკის მიზანს მსურველებისთვის პანკისის ხეობის გაცნობა წარმოადგენს. მეწარმე ამბობს, რომ ხეობას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს აუთვისებელია.
მანო ქავთარაზე წარმოშობით ფასანაურიდან არის და პროფესიით ეკონომისტია. იგი ყოველ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში მიდიოდა. ის იხსენებს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების იდეაც პანკისის ხეობაში ლაშქრობის დროს მოუვიდა და ბიზნესი 6 თვის წინ დაიწყო. 
მისი თქმით, საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება და ხეობაში ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 
,,პირველად რომ ჩამოვედი პანკისში, მეც რაღაც შიში მქონდა და ხეობაზე ყველაფერი მხოლოდ უარყოფითი ვიცოდი. რეალურად კი, ძალიან განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ყველა კუთხე მაქვს შემოვლილი, ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი კი სხვაგან არსად მინახავს. როდესაც პანკისში ჩავედი დასათვალიერებლად, ვნახე, რომ ძალიან ლამაზი ბუნებაა და ტურიზმის კუთხით არაფერი არ არის გაკეთებული. მხოლოდ რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც ქართველები ნაკლებად შედიან და ძირითადად უცხოელები სარგებლობენ ამით. 10 დღით პანკისის მთებში ვიყავი ლაშქრობაში და რომ ვნახე ბუნება, გავიცანი ადგილობრივები, ძალიან მომეწონა ყველაფერი. გადავწყვიტეთ შეგვექმნა სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პანკისი ქემფინგ“. გაზაფხულზე USAID-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი პანკისის ხეობისთვის და მე და ჩემმა მეგობარმა დავწერეთ პროექტი და მოვიპოვეთ დაფინანსება. პროექტის ფარგლებში საძილე ტომრები, კარვები, ჰამაკები და სხვა ინვენტარი შევიძინეთ. ჩვენი ფულით კი ვიყიდეთ მცირე სამზარეულო, ჭურჭელი, ტექნიკა და ავაშენეთ პატარა შენობა. ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარა მოსახლეობა, ზოგს სამშენებლო მასალები მოჰქონდა და ვისაც რითი შეეძლო იმით გვეხმარებოდა. ადგილობრივების დახმარებით მოვაწყეთ მაგიდები და სკამები, ხისგან ავაშენეთ ადმინისტრაციული შენობა და კაფე’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს მანო ქავთარაძემ. 
სათავგადასვლო ბანაკი ხადორის ხეობაში, ალაზნის პირას, იზოლირებულ, მყუდრო ადგილას მდებარეობს. მანო ქავთარაძის ინფორმაციით, Pankisi Camping-ს არსებული ინვენტარით ერთდროულად 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მსურველებს ამავე დროს საკუთარი კარვით განთავსებაც შეუძლიათ. 
,,ჩვენი ბანაკი მუდმივად ღიაა, სულ ადგილზე ვართ და, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მომსახურებით ძირითადად ქართველები სარგებლობენ. უცხოელები კი იშვიათად მოდიან, რადგან უცხოურ საიტებზე არ ვართ დარეგისტრირებულები და ამიტომ არ გვაქვს ჯავშნები უცხოეთიდან’’,- ამბობს მანო ქავთარაძე.
მეწარმე აცხადებს, რომ ტურისტებს ღამისთევას, დღეში სამჯერ კვებას, ცხენებით ტურს, ჯირითის შემსწავლელ გაკვეთილებს, გიდების მომსახურებას და ორი ტიპის სალაშქრო და საექსკურსიო ტურებს სთავაზობენ. მანო ქავთარაძე მიუთითებს, რომ მათი მომსახურება იაფი და ხარისხიანია. 
,,ერთი ღამისთევა ღირს 10 ლარი, ასევე გვაქვს სამჯერადი კვება. საუზმე და სადილი ღირს 10 ლარი, ვახშამი კი 15 ლარი. ყველაფერს ვაკეთებთ ნატურალური პროდუქტებით და ქართულ და ქისტურ ტრადიციულ კერძებს ვთავაზობთ მსურველებს. გვაქვს ასევე ცხენების გაქირავების სერვისი და 50 ლარი ღირს 1 ცხენის დაქირავება. გარდა ამისა, გვაქვს ჯირითის შემსწავლელი გაკვეთილი, 1 საათი ღირებულება 25 ლარია. გვაქვს ინვენტარის გაქირავება, რაც 1 ადამიანზე 15 ლარი ღირს. მე და ჩემი მეგობარი ასევე ვართ სერტიფიცირებული გიდები და ამ მომსახურებასაც ვთავაზობთ მსურველებს. გიდის მომსახურება ღირს დღეში 150 ლარი . მსურველებს ვთავაზობთ ორი ტიპის სალაშქრო და საექსკურსიო ტურებს. საექსკურსიო ტურების ფარგლებში ვათვალიერებინებთ ხეობის სოფლებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ძველ ნასახლარებს, ხადორის ულამაზეს ჩანჩქერს. მსურველებს ასევე ვთავაზობთ ტურებს თუშეთში, ფშავს და ხევსურეთშიც’’,- აღნიშნავს ქავთარაძე. 
ახალგაზრდა სამომავლოდ ადგილზე სხვადასხვა სერვისის დამატებას გეგმავს. ის რესტორნისა და მცირე კოტეჯების აშენებასაც აპირებს.