რას ეყრდნობა დავა „ფრონტერას გარშემო“
ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გარშემო ხმაური არ წყდება. „ფრონტერა“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს. მეორე მხრივ, „ფრონტერასგან “ 84 დასაქმებული 11 თვიანი დავალიანების დაფარვას ითხოვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანიას მიზანმიმართულად აკოტრებს და ქართული ბაზრიდან მის გაძევებას ცდილობს. დასაქმებულები კი კომპანიისაგან კუთვნილ ხელფასს ელოდებიან.
ბოლო დროს ამერიკელი კონგრესმენებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია “ფრონტერას” სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა, მან მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერა”, რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი ობიექტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც კახეთში, კერძოდ, დედოფლისწყაროში, ნავთობისა და გაზის მოძიებას 1997 წლიდან ცდილობს. კომპანია ამერიკის სავაჭრო პალატის წევრია.
კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული საარბიტრაჟო დავის პარალელურად 11 თვიანი დავალიანების გადახდას ითხოვს კომპანიის 84 თანამშრომელი, რომელიც პერმანენტულად ხან საპროტესტო აქციებს მართავს, ხან პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდება. ამ ფონზე ოპოზიციის მხრიდან აქტიურად განიხილება ამერიკელი კონგრესმენების წერილების შინაარსი, რომლის მიხედვით, ხელისუფლება საქართველოში ამერიკული კომპანიის საქმიანობის ხელისშეშლას მიზანმიმართულად ცდილობს.
„ფრონტერასთან“ [Frontera Resources Georgia Corporation] ხელშეკრულება, ნავთობისა და გაზის პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე, 1997 წელს გაფორმდა. „ფრონტერა“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს. საქართველოს მხრიდან კორპორაცია და სააგენტო ამერიკულ კომპანიას ხელშეკრულების დარღვევას ედავება. უცხოური კომპანია კი შეგებებულ სარჩელში მიუთითებს, რომ კორპორაციისა და სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზარალდა.
“ფრონტერას” სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები ელოდებოდათ.
დავაში მონაწილეობს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელი, „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კორპორაციას მართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და „ფრონტერა“ კი სხვა კომპანიაში პარტნიორებიც არიან. 2019 წლის ნოემბრის რეესტრის ამონაწერით, შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50% წილს კორპორაცია ფლობს, დანარჩენ 50%-ს კი – „ფრონტერა“. „ფრონტერამ“ კუთვნილი 50% სხვა კომპანიას გადასცა, თუმცა, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემა არ დაარეგისტრირა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას,”არც ხელფასების გაცემის, არც ფუნქციონირების კუთხით, 2012 წლამდე პრობლემა არ ჰქონია:
,,იყო წლები, როდესაც დედოფლისწყაროში ერთადერთი კომპანია არსებობდა, სადაც ადამიანები იყვნენ დასაქმებული, ზოგი მძღოლი იყო, ზოგიც სხვა პოზიციაზე მუშაობდა. ეს ერთადერთი კომპანია იყო, ფაქტიურად, რომელიც დედოფლისწყაროში ხელფასს იმ დროს გასცემდა, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო. დღეს ვხედავთ იმას, რომ რაც ხელისუფლება შეიცვალა, კომპანიასაც პრობლემები ყოველდღიურად ექმნება. რა თქმა უნდა, ,,ფრონტერა“ არაკეთილსინდისერად იქცევა, როდესაც თანამშრომლებს ხელფასს არ აძლევს, მაგრამ ხელისუფლება კეთილსინდისიერად იქცევა, როდესაც კომპანაის ხელს უშლის და მაქსიმაულრად ცდილობს, რომ როგორც ამერიკული კომპანია, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად შეზღუდოს? ეს დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახეა. ,,ფონტერა“ რუსული კომპანია რომ იყოს, რა თქმა უნდა, არნაირი პრობლემა არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, ეს არის ივანიშვილის, გახარიას და კალაძის მიზანმიმართული ქმედება, რუსული ხელისუფლების მხარდამჭერი დაჯგუფების მოქმედება“,– აცხადებს ბოტკოველი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საპასუხო კომენტარში ამბობს, რომ მას არც ოპოზიციისგან მოუსმენია ,,რაიმე ჭკვიანური“ და არც ,,ფრონტერას“ პრობლემას აქვს რამე საერთო პოლიტიკასთან:
,,11 თვეა, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ და 11 თვე ,,ფრონტერა“ თანამშრომლებს უხელფასოდ ამუშავებდა. როდესაც თანამშრომლებმა სამართლიანი პროცესი დაიწყეს და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, 17 დეკემბერს კომპანიამ 84 თანამშრომელი სრულიად უკანონოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან, ყოველგავრი კომპენსაციის და ძველი ხელფასების ანაზღაურების გარეშე. ხალხი ყოველდღიურ რეჟიმში აპროტესტებს ამ ფაქტს და დავალიანების გასტუმრებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. 21-ე საუკუნეში 11 თვე კი არა, 1-2 თვეც არ შეიძლება, რომ ადამიანებმა უხელფასოდ იმუშაონ. ნოემბრის ბოლოდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს, რადგან 84 თანამშრომელი განთავისუფლებულია. ადგილზეა მხოლოდ რამდნიმე დარაჯი, რომლებიც ნავთობსაქაჩებზე იმყოფებიან და კომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით, რადგან მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, შესაძლებელია მოხდეს გარემოს დაბინძურება და კატასტროფა, მითუმეტეს, ზოგიერთი ჭაბურღილი ვაშლოვანის ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზეა“,-ამბობს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
,ფრონტერას” ნავთობის მოპოვების მენეჯერს გიორგი ჯანიაშვილს პოლიტიკაში ჩარევა არ სურს და საარბიტრაჟო დავის შედეგის მოლოდინშია. მისი განცხადებით, ,, წინ არის საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო შეტანილი, ,,ფრონტერასთან“ დაკავშირებით“. ამიტომ სანამ ეს პასუხი არ გვექნება, ვერავინ გადაწყვეტს, სამართლებრივია, თუ არ არის სამართლებრივი ეს საკითხი. ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია, რომ დაველოდოთ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილებას“.
3 თებერვალს ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები დედოფლისწყაროში შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ კუთვნილი დავალიენებიბის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ აუცილებელია საზოგადოებას სწორი და მიუკერძოებული ინფორმაცია მიეწოდოს, რისთვისაც კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი