რა შემთხვევაშია სიცოცხლისთვის საშიში კორონავირუსი
კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა, პნევმონიას იწვევს. მისი ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა.
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ის პათოგენი ვირუსია და ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. მათი თქმით, ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ, ვისრუსისგან განკურნება კი იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული.
ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.
კორონავირუსი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. მის ძირითად წყაროს ცხოველები და, დიდი ალბათობით, ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ.
მედიკოსები აღნიშავენ, რომ კორონავირუსს სეზონური პნევმონიის სიმპტომები აქვს, თუმცა უფრო რთული ფორმით მიმდინარეობს.
მათი განმარტებით, მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თუნდაც ეს სეზონურ გრიპს და გრიპისმაგვარ დაავადებებს ეხებოდეს, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს
,,ყველა სახის ვირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა: ხელების ხშირად დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება. გარდა ამისა, აუცილებელია გრიპით ან გრიპისმაგვარი დაავადების მქონე პაციენტის იზოლირება.
მათ თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან. ფატალური შედეგი კი იმ ინფიცირებულებისთვის დგება, რომლებსაც აქვთ დაბალი იმუნიტეტი და დასუსტებული ორგანიზმი”,- აღნიშნა knews.ge-ს საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსმა ჩინეთში 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 5 000 -ზე მეტი კი დაინფიცირებულია. ჩინეთში ვირუსის გავრცელება დეკემბერში დაიწყო.