პანკისში ნარკოტიკების დამზადებისა და გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
knews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “პანკისის ხეობაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდა შეიმჩნევა”. ადგილობრივების მტკიცებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, როგორც მსუბუქი, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკების მოხმარება, სახელმწიფოს კი ამ პრობლემასთან გამკლავება არ შეუძლია.
ისინი მიუთითებენ, რომ პრობლემამ ,,ელვისებურად“ სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკა შეარბილა, მოსალოდნელი შედეგი კი წინასწარ ვერ გათვალა.
,,პანკისის ხეობაში ასეთი მდგომარეობა 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა“,- აცხადებენ ადგილობრივები.