“თეოს კოტეჯები” – ახალი აგროტურისტული ობიექტი დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიცპალიტეტში, ე.წ. არწივის ხეობასთან ახლოს, ახალგაზრდა მეწარმე თეონა სეხნიაშვლმა აგროტურისტული საქმიანობა დაიწყო.
იგი თავდაპირველად სოფლის მურნეობას მისდევდა, ENPARD-ის დახმარებით კი მან წარმოება გააფართოვა და ტურისტების მისაღებად ხის კოტეჯების აშენება დაიწყო.
მეწარმის განმარტებით, ის ტურისტებს არა მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ საკუთარი მეურნეობის დათვალიერებასაც სთავაზობს.
,,თავდაპირველად გვქონდა საოჯახო ფერმა. გავიგეთ ევროკავშირის პროექტის შესახებ და გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტები კოტეჯების მშენებლობაზე. გვინდოდა შეგვექმნა სერვისი, სადაც მივიღებდით ტურისტებს და საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარდა, შევთავაზებდი ჩვენი მეურნეობის დათვალიერებას. გვყავს პირუტყვი, ფრინველები’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას თეონა სეხნიაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის საერთო ღირებულებამ 45 ათასი 743 ლარი შეადგინა, საიდანაც ევროკავშირის გრანტი 34 000 ლარი იყო, ხოლო მისი თანამონაწილეობა კი 11, 743 ლარით განისაზღვრა.
მეწარმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 ტურისტული კოტეჯი და სამზარეულო ფუნქციონირებს. ,,თეოს კოტეჯები’’ არწივის ხეობის ბუნების ძეგლთან ახლოს მდებარეობს.
,,დედოფლისწყაროს LAG – მა ჩვენი პროექტი იმიტომ აირჩია, რომ ჩვენი კოტეჯები ძალიან კარგ ადგილას, არწივის ხეობასთან მდებარეობს. ამ ადგილს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. პროექტის განხორციელება კი ხელს უწყობს დედოფლისწყაროში ტურიზმის, მათ შორის აგროტურიზმის განვითარებას’’, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას მეწარმე.
თეონა სეხნიაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმიანობით ასევე ხელს უწყობს ადგილზე მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.
,,ჩვენი საქმიანობით არამარტო ტურიზმის განვითარებას, ასევე ადგილობრივი ქალების დასაქმებას ვუწყობთ ხელს. დღეისთვის თეოს კოტეჯებში 4 ქალბატონია დასაქმებული. სამომავლოდ ვგეგმავთ მეტი სერვისის შეთავაზებას ტურსტებისთვის და შესაბამისად მეტი სამუშაო ადგილის შექმნას’’, – აცხადებს თეონა სეხნიაშვილი.