ქალაქი წყლის გარეშე – მოსახლეობის პროტესტი თელავში
კახეთის მოსახლეობისთვის წლების წინ დაპირებული 24 საათიანი წყალმომარაგება, ჯერჯერობით შეუსრულებელია. ადგილობრივი მაცხოვრებლები, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ხელისუფლებას გაცემული პირობის შესრულებას სთხოვს.
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასმელი წყლის პრობლემით შეწუხებულმა თელაველებმა საპროტესტო აქცია სოციალური ქსელით დაანონსნეს.
თუ თელავის მოსახლეობას წყლის პრობლემა, ძირითადად, ზაფხულის თვეებში აწუხებდა, ახლა წყლის დეფიციტი ზამთრის თვეებშიც შეიქმნა. პრობლემა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ ადგილობრივებმა, სოციალური ქსელით საპროტესტო აქცია დაანონსეს. როგორც თელაველები ამბობენ, წყალმომარაგებაში მწვავე პრობლემა გასული წლის აგვისტოს თვეში შეიქმნა და დღემდე არ გამოსწორდა.
ქალაქის მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჩივის, რომ წყალი სახლების ზედა სართულებამდე ვერ აღწევს. ამიტომ იძულებული არიან წყლის მძიმე ჭურჭელი სართულებზე ზიდონ. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დავბრუნდით. გვიამბობს ალაზნის გამზირზე მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი.
,,წყალი მოდის ძალიან ცოტა, არ არის განაწილებული სწორად. იმდენად ცოტა მოდის, რომ მარაგის აღებას ვერ ვასწრებთ. დღეს შეხვედრაზე დაგვპირდნენ, რომ პრობლემები მოგვარდება და იმედი გვაქვს, რომ შეასრულებენ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნათელა ჯაშიაშვილმა.
პრობლემა აქვთ ჭონქაძის, თამარის, კავკასიონის, ალაზნის გამზირის კორპუსების და სხვა ქუჩების მაცხოვრებლებს, რომლებსაც, ზედა სართულებზე წყლის ატანა ხელით უწევთ. ოპოზიცია პრობლემას ტყის მასივების გაჩეხვას და დამხმარე ჭაბურღილების არარსებობას უკავშირებს, რაც ამ დრომდე უკვე უნდა განხორციელებულიყო.
სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას წყალმომარაგების 24 საათიანი გრაფიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ახენებენ და აცხადებენ, რომ ეს დანაპირები, რომელიც რეალური მხოლოდ ფურცელზე იყო, ფურცელზევე დარჩა:
2014 წელს ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაანონსა, რომ კახეთის რეგიონის ქალაქებში მაცხოვრებლებს ორ წელიწადში 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ. თუმცა, დასრულებული სამუშაოების და დახარჯული 65 მილიონ 162 994 ათასი ლარის მიუხედავად, უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ ქალაქ გურჯაანს და დედოფლისწყაროს აქვთ. ექვს ქალაქში, მათ შორის, თელავში, ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს.
,, 24 საათიანი წყალმომარაგება რეალური იყო, მაგრამ რეალური იყო ფურცელზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტი 2014-2017 წლებში უნდა განხორციელებულიყო და ანონსი 2013 წელს დიდი ტაშ-ფანდურითა და ზარ-ზეიმით მოხდა. იმ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, კეთილსინდისიერად არ შეასრულა საქმე. არც თელავის მერიამ, არც საკრებულომ, არც ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მოსთხოვა პასუხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც, ასევე, კიდევ ერთხელ, ზარ-ზეიმით დააანონსა უკვე დაანონსებული პროექტი. თუმცა რეალურად არაფერი კეთდებოდა და წინ არ მიდიოდა პროცესი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფულის საკეთებელი ჩვეულებრივი დაზგა. ამ დროს 24 საათიანი წყალმომარაგება კი არა, მაგალითად, ჩემ ქუჩაზე, თამარის ქუჩაზე, 2 დღეში, 2 საათით მოდის წყალი,“-აცხადებს ,,სამოქალალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი.
რადგან დაწყებული პროექტის მიმდინარეობით რეალურად არავინ დაინტერესებულა და მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან წყალმომარაგების კომპანიის წარმოამდგენელებიც იშვიათად ჩნდებოდნენ, საქმის ვითარებაში გარკვევა, ოპოზიციასთან ერთად, არასამთრავრობო სექტორმაც დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის-,,თელავი ჩემი ქალაქია“- დამფუძნებელმა ზურაბ აბუაშვილმა გაარკვია, რომ ქალაქი 5 კვარტლადაა დაყოფილი. აქედან კი, წლის მიწოდების მხრივ მხოლოდ 2 კვარტლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა:
,, ეს სისტემები, რომლებიც კომუნისტური მმართველობის მერე აღარ შეცვლილა, მწყობრიდანაა გამოსული. გარდა ამისა, გარკვეულწილად, მოსახლეობაც სცოდავს, რადგან იშვიათი წყალმომარაგების გამო ახდენენ წყლის დაგროვებას , შემდეგ ცდილობენ გამოცვალონ და იღვრება წყალი. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორ წყალს მოვიხმართ. არ ხდება სასმელი წყლის სანიტარული ზედამხედველობა და ხორცილედება მხოლოდ დაქლორვა ძველებური სისტემით. წყლის გამწმენდი ნაგებობებიც არ გვაქვს“,- ამბობს ზურაბ აბუაშვილი.
მოსახლეობას და ოპოზიციას თელავის მუნიცპალიტეტის მერიიდან უპასუხეს და განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელსუფლება წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ კუთხით არსებული პრობლემების საქმის კურსშია.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური პრობლემის არსებობას აღიარებს და დეტალურად გვიხსნის, თუ როგორი სქემით ხვდება წყლის საბადოში წყალი, შემდეგ როგორ მიედინება წყლის შემკრებ რეზერვუარში, საიდანაც წყალი ქალაქ თელავის სხვადასხვა უბანში ნაწილდება:
,, საბადოში წყლის მოპოვება ხდება 2 გზით: ერთი გახლავთ ბუნებრივი წყლების შეკრება, როგორიცაა გრუნტის წყლები, ზედაპირული წყლები, მეორეა ჭაბურღილები. თელავის წყალმომარეაგება ორივე გზით ხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი თელავი მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და შესაბამისად, ეს მხარე წყლის ნაკლებობას განიცდის, გრუნტის წყლებთან დაკავშირებით, ამ მხარის წლის ნაკლებობის ერთ-ერთი ფაქტორი ბუნებრივი პირობებია. ამას ემატება ისიც, რომ თელავში 16 სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი არ მოსულა. ამიტომ ბუნებრივი საბადოების წყლით შევსება ვერ მოხდა. არსებობს ალერნატიული გზებიც. ყველა საქმეს სჭირდება ეტაპობრივად მიყოლა. უკვე განხორციელდა თელავის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა ჭავჭავაძის ქუჩის ზედა მხარის რეაბილიტაციას, შემდეგი იქნება მეორე ეტაპი, მე-3, მე-4 და ა.შ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“, ვიცით პრობლემები, მათი გადაჭრის გზები. სახელმწიფო მზად არის, დააფინანსოს ის პროექტები, რომელიც დაკავშირებულია არა მარტო სასმელი წყლის, არამედ, როგორც დებეტის, ასევე, სასმელი წყლის ხარისხის გაუნჯობესებასთან. 2020 წელი უფრო კარგი იქნება, წყალმომარაგების კუთხით, ვიდრე 2019 წელი იყო და 2021 წელი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე 2020 წელი იყო,“-გვარწმუნებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ქსოვრელიშვილი.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, თელავსა და სოფელ კურდღელაურში 2018 წლებში ნაწილობრივ დასრულდა რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ქუჩებში გამავალი ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 3 144 აღრიცხვის კვანძი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 7 052 132 ლარი.
2016-2017 წლებში განხორციელდა ქ. თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაცია. პროექტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა – 3 437 817 ლარი. 2017 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს თელავში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება არის 12 689 558.03 ლარი.თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სრულად 2020 წელს უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, წლების განმავლობაში ამ კომპანიის წარმომადგემლები სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს ისეთი არგუმენტებით ხსნიდნენ, როგორიცაა: ,,ცუდი მემკვიდრეობა გვერგო; ასეთი ნაკლები წყლის დებეტი არავის ახსოვს; წყალი იქლორება, მაგრამ ამღვრევა ხდება მაშინ, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის ; მეტი მომჭირნეობა და ერთმანეთის თანადგომა მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია; კორპუსების გამრიცხველიანება , ქსელის რეაბილიტაცია“ და ა.შ.
დღეს შექმნილ პრობლემას ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტის სიმცირეს უკავშირებს. ზაზა სიხარულიძის ინფორმაციით, რომელიც გასულ კვირას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, უახლოეს დღეებში დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც შექმნილ პრობლემას მოაგვარებს:
,,პრობლემა სათავე ნაგებობაზე მკვეთრად დაცემულმა წყლის დებეტმა გამოიწვია. შარშან ამ პერიოდში თელავს მიეწოდებოდა საათში 500 კუბური მეტრი ოდენობის წყალი, დღევანდელი მდგომარეობით კი, 210 კუბური მეტრია. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავანაწილოთ არსებული რესურსები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მივაწოდოთ.
გარდა ამისა, წყლის ცისტერნები დამატებით მუშაობს და დღეს კიდევ ერთი წყალმზიდი დაემატა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაზე მყისიერ რეაგირებას განახორციელებს და წყალს მიაწვდის. მოსახლეობასთან ვთანხმდებით და მათი სურვილის გათვალისწინებით, ვცდილობთ, რომ გრაფიკი იყოს მოქნილი, რათა დღის განმავლობაში ყველა უბანმა შეძლოს სასმელი წყლის მარაგის აღება.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაციას, პროექტი სამი ახალი სიღრმული ჭაბურღილის მოწყობას, თელავში არსებული კორპუსების შიდა სისტემების სრულ მოსწერიგებას და გამრიცხველიანებას ითვალისწინებს’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას სიხარულიძემ.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი