წყლის მოუგვარებელი პრობლემა თელავში – რას აპირებს წყალმომარაგების კომპანია
თელავში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები დღეს თელავში შეიკრიბნენ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
მათ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და დროის მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა ჯაშიაშვილი მიუთითებს, რომ წყალმომარაგების დადგენილი გრაფიკი მათთვის მიუღებელია, რადგან წყალი კვირაში სამჯერ მიეწოდებათ და ისიც მხოლოდ ორი საათით, რაც არასაკმარისია.
,,წყალი მოდის ძალიან ცოტა, არ არის განაწილებული სწორად. იმდენად ცოტა მოდის, რომ მარაგის აღებას ვერ ვასწრებთ. დღეს შეხვედრაზე დაგვპირდნენ, რომ პრობლემები მოგვარდება და იმედი გვაქვს, რომ შეასრულებენ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნათელა ჯაშიაშვილმა.
ტექნიკურ საკითხებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე პრობლემას სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტის სიმცირეს უკავშირებს.
ზაზა სიხარულიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც შექმნილ პრობლემას მოაგვარებს.
ზაზა სიხარულიძე განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულებამდე კომპანია მოსახლეობას წყალს მათზე მორგებული გრაფიკით მიაწვდის.
,,პრობლემა სათავე ნაგებობაზე მკვეთრად დაცემულმა წყლის დებეტმა გამოიწვია. შარშან ამ პერიოდში თელავს მიეწოდებოდა საათში 500 კუბური მეტრი ოდენობის წყალი, დღევანდელი მდგომარეობით კი 210 კუბური მეტრია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავანაწილოთ არსებული რესურსები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მივაწოდოთ.
გარდა ამისა, წყლის ცისტერნები დამატებით მუშაობს და დღეს კიდევ ერთი წყალმზიდი დაემატა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაზე მყისიერ რეაგირებას განახორციელებს და წყალს მიაწვდის.
გარდა ამისა, მოსახლეობასთან ვთანხმდებით და მათი სურვილის გათვალისწინებით ვცდილობთ, რომ გრაფიკი იყოს მოქნილი, რათა დღის განმავლობაში ყველა უბანმა შეძლოს სასმელი წყლის მარაგის აღება.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაციას, პროექტი სამი ახალი სიღრმული ჭაბურღილის მოწყობას, თელავში არსებული კორპუსების შიდა სისტემების სრულ მოსწერიგებას და გამრიცხველიანებას ითვალისწინებს’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ზაზა სიხარულიძემ.